ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რესპუბლიკელ კანონმდებლებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის მეტი დახმარების მიწოდებას გულისხმობს. პრეზიდენტმა კვირას თქვა, რომ ის ამ პოლიტიკური ვაჭრობით და სარისკო ნაბიჯებით დაიღალა და მობეზრდა ისეთი ქმედებების ნახვა, რომელმაც მთავრობა დახურვის პირას მიიყვანა.
ბაიდენმა ამის შესახებ მას მერე ისაუბრა, რაც შაბათს, კონგრესმა მიიღო რეზოლუცია მთავრობის საბიუჯეტო დაფინანსების დროებით გაგრძელების თაობაზე. ამ ნაბიჯით, 4 მილიონზე მეტი ადამიანის სამსახური და ხელფასი თვენახევრით გარანტირებულია.
კანონი, რომელიც დემოკრატთა და რესპუბლიკელთა ფართო მხარდაჭერით გამოიოცა, ზოგიერთი რესპუბლიკელისთვისაც არ აღმოჩნდა მისაღები. მაგალითად, კონგრესმენმა მეტ გაეტსმა პირობა დადო, რომ პალატის რესპუბლიკელი სპიკერის, კევინ მაკკარტის პოზიციიდან გადაყენებას მოახერხებს.
დამტკიცებული საბიუჯეტო პროექტი 17 ნოემბრამდე იმოქმედებს. ის კიევისთვის მხარდაჭერას არ მოიცავს. ამერიკა უკრაინის უდიდესი მხარდამჭერია მაშინ, როცა კიევი რუსეთის საოკუპაციო ძალებს და მის სრულმასშტაბიან შეჭრას წელიწადნახევარზე მეტია უმკლავდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ ის თავის ქვეყანაში და მსოფლიოშიც ამ მხარდაჭერის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.
ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რესპუბლიკელები პირობას დებენ, უკრაინის მხარდაჭერას მომდევნო კენჭისყრისას დაუჭერენ მხარს.
"ჩვენ არც ერთ გარემოებაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ამერიკის მხარდაჭერა უკრაინისადმი შეფერხდეს. მე სავსებით მოველი, რომ სპიკერი დაიცავს თავის პირობას და უზრუნველყოფს იმ დახმარების მხარდაჭერას, რომელიც უკრაინას საკუთარი თავის დასაცავად და აგრესიასა და სისასტიკესთან გასამკლავებლად სჭირდება", - უთხრა პრეზიდენტმა ბაიდენმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
დროებითი საბიუჯეტო რეზოლუციის დამტკიცებისას, უკრაინის საკითხის გამოტოვებას გამოეხმაურნენ კიევშიც. ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ამერიკის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ მცირდება და რომ ბიუჯეტი, რომელშიც უკრაინის დახმარება გამოტოვებულია, მხოლოდ დროებითი ზომაა და მას ასეთი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ კიევს კავშირი აქვს კონგრესში დემოკრატ და რესპუბლიკელ კანონმდებლებთან და დროებითი ბიუჯეტის ეს ფორმა ინციდენტი უფროა, ვიდრე სისტემური გადაწყვეტილება ან პოლიტიკის ცვლილება.
"ჩვენ არ ვგრძნობთ, რომ ამერიკის მხარდაჭერა შეირყა. რადგან შეერთებულ შტატებს ესმის, რა დევს უკრაინაში სასწორზე, რომ ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ უკრაინა", - უთხრა ჟურნალისტებს დმიტრო კულებამ, რომელიც კიევში ჩასულ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მასპინძლობს.
კულება ამბობს, რომ სჯერა, აუცილებელი გამოსავალი ნაპოვნი იქნება, და რომ ეს ყველაფერი მსოფლიოში სტაბილურობასაც უკავშირდება. კულებას თქმით, ეს კონკრეტული გადაწყვეტილეება მთავრობის დახურვის თავიდან ასაცილებლად იყო მიღებული. პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება განაგრძობს კონგრესში ორივე პარტიასთან მუშაობას საიმისოდ, რომ ეს არც ერთ შემთხვევაში აღარ განმეორდეს.