ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება, რომ ამერიკის მომდევნო ფისკალური წლის დროებით ბიუჯეტში უკრაინისთვის დამატებითი დახმარება არ მოხვდა, კრემლში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია. დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ეს დროებითი გადაწყვეტილებაა და ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ცხადია, ეს დროებითი ფენომენია. ამერიკა გააგრძელებს ჩართვას ამ კონფლიქტში, ფაქტობრივად პირდაპირ ჩართულობას“,- ამბობს კრემლის პრესსპიკერი პესკოვი და აქვე განმარტავს, რომ სხვა ქვეყნებში უკრაინის საკითხი „დაღლილობას“ იწვევს, რაც მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს.
„ჩვენ უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენი პროგნოზით, კიევის რეჟიმის სრულიად აბსურდული სპონსორობით გამოწვეული დაღლილობა გაიზრდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში“- ამბობს პესკოვი ჟურნალისტებტან საუბრისას.
პესკოვისთვის ამის მაგალითია სლოვაკეთში განვითარებული მოვლენები, სადაც არჩევნებში რობერტ ფიკოს პარტიამ გაიმარჯვა. ფიკომ პირობა დადო, რომ შეწყვტს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვაშინგტონი და ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მკაფიოდ ამბობს, რომ ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს მიუხედავად ზოგიერთი კონგრესმენის წინააღმდეგობრივი პოზიციისა.
ამერიკის კონგრესი ამ დრომდე ვერ ახერხებს მომდევნო ფისკალური წლის ბიუჯეტზე შეთანხმებას, ამიტომ ორპარტიული მხარდაჭერით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 45 დღით მთავრობის დაფინანსების შესახებ, რათა ამერიკის მთავრობის ნაწილობრივი დახურვა თავიდან აეცილებინათ. ამ დაფინანსებაში კი უკრაინისთვის დამატებითი დახმარების საკითხი არ მოხვდა.
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი განმარტავს, რომ რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა პირობა დადეს, რომ უკრაინის დახმარების საკითხს ამერიკის კონგრესი ცალკე კენჭისყრაზე გაიტანს და როგორც ბაიდენი ამბობს, ვაშინგტონის მხარდაჭერა კიევისადმი „არავითარ შემთხვევაში“ არ შეიძლება შეწყდეს.
Facebook Forum