ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეილი და დესანტისი ყურადღების ცენტრში - მაიამი მესამე დებატებს მასპინძლობს


რონ დესანტისსა და ნიკი ჰეილის შორის მწვავე მეტოქეობა შესაძლოა ოთხშაბათს რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებში მნიშვნელოვნად გამოიკვეთოს. 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეს ორი კანდიდატი ცდილობს წარმოაჩინოს თავი, როგორც მათი პარტიის საუკეთესო ალტერნატივა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპირწონედ.

51 წლის ჰეილის პოზიციები, რომელიც ეროვნულ დონეზე გამოკითხვებში მესამე ადგილზეა, თანდათან ძლიერდება. თუმცა, პირველ ადგილს დონალდ ტრამპი მყარად და საგულისხმო უპირატესობით ინარჩუნებს. მას მეორე ადგილზე მოჰყვება, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 45 წლის ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი. ყოფილი ელჩი და გუბერნატორი ნიკი ჰეილი კი მესამე ადგილს იკავებს. დებატები, მაიამიში, ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით, საღამოს 8 საათზე დაიწყება.

რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიული არჩევნები პირველად აიოვის შტატში, იანვარში გაიმართება. სამხრეთ კაროლინის ყოფილ გუბერნატორს და გაეროში ამერიკის ყოფილ ელჩ ჰეილის, ისევე როგორც, ფლორიდელ გუბერნატორ დესანტისს, პირველ შტატებში გასამარჯვებლად დრო ეწურებათ.

ეს უკვე მესამე დებატები იქნება, რომელში მონაწილეობაზეც დონალდ ტრამპმა უარი თქვა. 77 წლის დონალდ ტრამპმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დებატებზე მათი პირდაპირი სამიზნე არ გამხდარიყო. ამ დრომდე დებატებში მონაწილების ბოიკოტი ტრამპის რეიტინგებზე არ ასახულა. ის რესპუბლიკელი ამომრჩევლებისთვის დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, რომელიც 80 წლისაა, ყველაზე სასურველ კანდიდატად მოიაზრება. ამასთან, წესების თანახმად, დებატებში მონაწილე ყველა კანდიდატი დებს პირობას, რომ პარტიის საბოლოო ნომინანტს მხარს დაუჭერს. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ხალხს არ სჭირდება იმის შეხსენება, რამდენად წარმატებული პრეზიდენტი იყო ის. ამასთან, ის არ იღებს ვალდებულებას აღიაროს პარტიის ნომინანტი, თუ ის სხვა კანდიდატი იქნება.

წინა ორი სატელევიზიო დებატების დროს, ჰეილი და დესანტისი შედარებით ფრთხილად საუბრობდნენ ყოფილი პრეზიდენტის თაობაზე. კანდიდატები, როგორც ჩანს, შიშობენ, რომ დონალდ ტრამპის კრიტიკით, მისი გულმხურვალე მომხრეების მხარდაჭერას დაკარგავენ. ამ ამომრჩევლის მხარდაჭერა რესპუბლიკური პარტიის საბოლოო ნომინაციის მოსაპოვებლად ნებისმიერი კანდიდატისთვის გადამწყვეტი იქნება. პარტიის ნომინანტი ივლისში უნდა დასახელდეს.

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი წელი რჩება. ის 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG