შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დღეს, 25 ოქტომბერს, სპიკერად რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩია. ლუიზიანის შტატის 51 წლის კონსერვატორი კანონმდებელი პოსტს კონგრესმენ კევინ მაკკართის შემდეგ იკავებს. კენჭისყრაზე მას 220-მა კანონმდებელმა მისცა ხმა 209-ის წინააღმდეგ.
მღელვარე სამი კვირის განმავლობაში, წარმომადგენელთა პალატაში რამდენიმე კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რის გამოც საკანონმდებლო ორგანო პარალიზებული იყო, ვერ ასრულებდა საკუთარ ფუნქციებს და ვერ ახერხებდა ჯეროვან რეაგირებას ახლო აღმოსავლეთის კრიზისსა თუ უკრაინაში მიმდინარე ომზე. პალატის რესპუბლიკელთა ნაწილმა ყოფილი სპიკერის, კონგრესმენ კევინ მაკკართის შემცვლელად წარდგენილი უკვე სამი შესაძლო კანდიდატი დაბლოკა.
რესპუბლიკელთა შორის უთანხმოება 3 ოქტომბრიდან, თითქმის 23 დღე გრძელდებოდა, რადგან წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა სპიკერობის კანდიდატზე ვერ თანხმდებოდა. ხანგრძლივი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მაკკართიმ დემოკრატებთან ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწია და მხარეებმა სამთავრობო ბიუჯეტის დაფინანსების კანონპროექტი დროებით, სულ ერთი თვით დაამტკიცეს. ის ნოემბრის შუა რიცხვებში იწურება.
რა უნდა ვიცოდეთ ახალი სპიკერის შესახებ?
51 წლის ჯონსონი ლუიზიანის შტატის კონგრესის წევრად 2015 წელს აირჩიეს, შემდეგ კი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მანდატი 2016 წელს მოიპოვა. ის მანამდე კონსტიტუციონალისტი იურისტი იყო, რომელიც მეტწილად რელიგიური თავისუფლების საკითხებზე მუშაობდა და ლუიზიანაში 2004 წელს მიღებულ ერთი და იმავე სქესის წყვილთა ქორწინების აკრძალვას იცავდა.
ჯონსონი საზოგადოებამ ყველაზე უკეთ დონალდ ტრამპის მხარდაჭერით გაიცნო. ის ემხრობოდა ყოფილი პრეზიდენტის უსაფუძვლო მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა. დონალდ ტრამპს „ბრძოლის გაგრძელებისკენ“ მოუწოდებდა და პენსილვანიის შტატის შედეგების გაუქმებას ითხოვდა. დონალდ ტრამპმა ჯონსონის ნომინირებას მხარი დაუჭირა.
სპიკერი ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილთა ქორწინების წინააღმდეგია და 2022 წელს წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც სკოლებში გენდერული იდენტობის საკითხების განხილვა უნდა აკრძალულიყო. ის ასევე ეწინააღმდეგება აბორტის უფლებას და მიესალმება უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც საყოველთაოდ, ფედერალური მასშტაბით გარანტირებული აბორტის უფლება გაუქმდა.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჯონსონი უკრაინისთვის დახმარების გაგზავნის წინააღმდეგია და ამბობს, რომ სჯობს ეს თანხა ქვეყნის შიდა პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის საზღვრის დაცვის გასაუმჯობესებლად დაიხარჯოს.
ახალ სპიკერს პოლიტიკური ლიდერისთვის საჭირო შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვს. თუმცა პოსტის დაკავების პირველივე კვირები მისთვის სწორედ პოოლიტიკური მოლაპარაკებებით დაიწყება. დემოკრატ და რესპუბლიკელ კანონმდებლებს უპირველესად ბიუჯეტის პროექტზე შეთანხმება მოუწევთ.
Facebook Forum