წარმომადგენელთა პალატა კვლავ სპიკერის გარეშეა. სამშაბათს საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილ რესპუბლიკელთა ნაწილმა სპიკერის პოსტზე კიდევ ერთი ახალი კანდიდატი - მაიკ ჯონსონი დაასახელა. პალატის რესპუბლიკელთა ნაწილმა ყოფილი სპიკერის, კონგრესმენ კევინ მაკკართის შემცვლელად წარდგენილი უკვე სამი პოტენციური კანდიდატი დაბლოკა.
რესპუბლიკელთა შორის უთანხმოება 23 დღეა გრძელდება, რადგან წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა სპიკერობის კანდიდატზე ვერ თანხმდება.
ხანგრძლივი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მაკკართიმ დემოკრატებთან ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწია და მხარეებმა სამთავრობო ბიუჯეტის დაფინანსების კანონპროექტი დროებით, სულ ერთი თვით დაამტკიცეს. ის ნოემბრის შუა რიცხვებში იწურება. პალატა ამ ეტაპზე კვლავ ვერ ახერხებს ფუნქციონირებას და არ შეუძლია ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე ომებთან დაკავშირებით საჭირო გადაწყვეტილებების მიღება, ისევე, როგორც ფედერალური უწყებების დაფინანსების გაგრძელება.
წარმომადგენელთა პალატაში ერთმანეთის ”ნდობა დიდად არ არის”, - უთხრა ჟურნალისტებს კონგრესმენმა დასთი ჯონსონმა, რომელიც ე.წ. "მოზომილ რესპუბლიკელად" მიიჩნევა. „ცოტა ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შეიძლება ვინმეს არჩევა ამ ეტაპზე“.
ამ ყველაფრის მიუხედავად, კანონმდებლებმა გადაწყვიტეს კენჭი ახალ კანდიდატს უყარონ. კონსერვატორი მაიკ ჯონსონი პალატაში ლუიზიანის შტატს წარმოადგენს. ის თავს "ხიდის მშენებელს" უწოდებს.
კენჭისყრა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს, 25 ოქტომბერს, ვაშინგტონის დროით დღის 4 საათზე გაიმართება. ჯონსონამდე რესპუბლიკელებმა ულტრაკონსერვატორ ჯიმ ჯორდანს სამჯერ უშედეგოდ უყარეს კენჭი.
Facebook Forum