ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკალისი პალატის სპიკერობისთვის აღარ იბრძოლებს


რესპუბლიკელი კონგრესმენი სტივ სკალისი პალატის სპიკერი ვეღარ გახდება. ეს კენჭისყრის გარეშე გახდა ცნობილი, რადგან კანონმდებელმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. ამის მიზეზი კი პარტიის ულტრა-მემარჯვენე კონგრესმენების ამბოხი გახდა.

ლუიზიანის შტატის წარმომადგენელი წინააღმდეგობის პირისპირ პირველად არ აღმოჩენილა. 2017 წელს მას პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რესპუბლიკელ კანონმდებლებზე გაბრაზებულმა მოქალაქემ ესროლა. 58 წლის სკალისმა ოთხშაბათს რესპუბლიკელთა ნომინაცია მცირე უპირატესობით მოიპოვა. მას პალატის სპიკერის პოსტზე უნდა ეყარა კენჭი. პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ, პალატის სპიკერი ამერიკის საპრეზიდენტო იერარქიაში რანგით მესამე პირია.

სკალისის ოპონენტებმა თქვეს, რომ ისინი არასდროოს დაუჭერენ მხარს კანდიდატს, რომელიც ყოფილი სპიკერის, კევინ მაკკართის პირობებში მასთან დაკავშირებული და ე.წ. მეორე პირი იყო. კევინ მაკკართი 3 ოქტომბერს პირველი სპიკერი გახდა ამერიკის ისტორიაში, რომელიც მისმა პარტიამ გადააყენა.

მაკკართი უკვე მესამე რესპუბლიკელი სპიკერია, რომელმაც პოსტი ულტრა-მემარჯვენე ფლანგისგან ზეწოლის შედეგად დაკარგა. ამ ფლანგის წარმომადგენელ კანონმდებელთა ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან რესპუბლიკელები პალატას მცირე უმრავლესობით 221-ით 212-ის წინააღმდეგ აკონტროლებენ. შესაბამისად, როცა დემოკრატები რესპუბლიკელ სპიკერს ხმას არ მისცემენ, რესპუბლიკელი კანონმდებლების მცირე ჯგუფსაც შეუძლია სპიკერის კანდიდატურა დაბლოკოს.

XS
SM
MD
LG