ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზიური ინტერვიუ ექსპერტ ალექსეი მალაშენკოსთან


ექსკლუზიური ინტერვიუ ექსპერტ ალექსეი მალაშენკოსთან
ექსკლუზიური ინტერვიუ ექსპერტ ალექსეი მალაშენკოსთან

მოსკოვის კარნეგის სახელობის ცენტრის ექსპერტი ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ მდგომარეობას მიმოიხილავს და რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავის მოახლოვებასთან დაკავშირებით კომენტარს გვთავაზობს

აი როგორ შეაფასა ბატონმა მალაშენკომ 21 ივლისს ბაკსანსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მნიშვნელობა ყაბარდო-ბალყარეთსა და ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობის კონტექსტში:

„ეს მხოლოდ ცუდის მომასწავებელია როგორც ყაბარდო-ბალყარეთის კონტექსტში ისე საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში. საქმე იმაში გახლავთ, რომ დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ გამოჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ისლამისტურ ოპოზიციაში, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება უბრალო ყაჩაღებად მიიჩნევს, საბრძოლო სტრატეგიის კორექტირება დაიწყო. ლაპარაკია იმაზე, რომ ძალოვან სტრუქტურებზე თავდასხმების გარდა, რაც უკვე წლების მანძილზე გრძელდება, მათ გადაწყვიტეს იერიში მიიტანონ სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე. ამდენად ის რაც ხშირად დაღესტანში რკინიგზაგზე ხდება და ახლა დარტყმა ბაკსანსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე იმაზე მეტყველებს, რომ ეს ახალი ტაქტიკა უკვე გარკვეულ შედეგებს აღწევს. ამას გარდა, რადგან ბაკსანსკაიას სადგურზე თავდასხმა იყო პირველი ამგვარი ტერორისტული აქტი, რომელიც რუსეთისთვის ძალზედ მოულოდნელი და მტკივნეული აღმოჩნდა, თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ამ თავდასხმას სხვები მოჰყვება არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში არამედ რუსეთის სხვა რეგიონებში, მაშინ ცხადია, რომ ეს რუსეთისთვის უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოახლოვებას, ყოველივე ამას სულ სხვა დატვირთვა ემატება.“

მალაშენკომ ამგვარად დაახასიათა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილის ალექსანდრე ხლოპონინის განცხადება, რომელშიც მან ბაკსანსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმის შემდეგ მოუწოდა რუს კაზაკებს უფრო აქტიური როლი შეასრულონ ჩრდილოეთ კავკასიაში უსაფრთხოების დამყარებაში:

„ეს ხომ სასოწარკვეთის გამო ხდება. პრაქტიკამ უკვე გვიჩვენა, რომ ყოველთვის, როცა რუს პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით კი ხლოპონინის დონის პოლიტიკურ ფიგურებს, რუსი კაზაკები ახსენდებათ, ეს საკუთარი უძლურების უტყუარი მანიშნებელია. დაფიქრდით, თუ თქვენ მიმართავთ კაზაკებს, რომლებიც ნახევრადგასამხედროებულ და არაოფიციალურ ფორმირებებს შეადგენენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უსაფრთხოების სამსახურის უძლურებას აღიარებთ. როგორ შეუძლიათ კაზაკებს მდგომარეობის გამოსწორება, როცა არც უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს და არც მილიციას ეს არ გამოუვიდა?“

რაც შეეხება ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების ლიდერის დოკუ უმაროვის გადადგომას, ბატონ მალაშენკოს მიაჩნია, რომ ამასთან დაკავშირებული ურთიერთგამომრიცხავი ცნობები უწინარეს ყოვლისა განპირობებულია იმით, რომ ისლამისტურ მოძრაობაში სერიოზული უთანხმოება გამოიკვეთა. მეამბოხეთა ერთ ფრთას მიაჩნია, რომ ალ ყაიდას მსგავსად ისლამისტური მოძრაობა ჩრდილოეთ კავკასიაში გლობალურ მისიას უნდა ასრულებდეს. ხოლო მეამბოხეთა მეორე ნაწილის აზრით, ყურადღება მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს გამახვილებული და არა რაღაც აბსტრაქტული გლობალური ჯიჰადის ამოცანების შესრულებაზე. ამ მოსაზრების მომხრეებს რასაკვირველია ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის იდეის აღორძინება აინტერესებთ. მალაშენკო აღნიშნავს, რომ გარკვეული ცნობების თანახმად, დოკუ უმაროვს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ იგი გლობალურ ჯიჰადს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატიზმის გაღვივებას. მალაშენკო აგრეთვე არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა მომხდარში გარკვეული წვლილი რუსეთის სპეც სამსახურებმაც შეიტანეს რადგან გადადგომის განცხადებით გამოსვლა, ხოლო შემდგომ ამ განცხადების უარყოფა დოკუ უმაროვის რეპუტაციას უდავოდ ავნებს.

ინტერვიუს დასასრულს რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავის მოახლოვებასთან დაკავშირებით ბატონმა მალაშენკომ ამგვარად შეაფასა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები:

„ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი იმდენად ხშირად იმეორებენ იმას, რომ თუ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა ყველაფერი რიგზე იქნება, რომ ძალიან რთულია ამ დაპირების დაჯერება. უდავოა, რომ პირად დამოკიდებულებას ძალზედ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მოგეხსენებათ, რომ ორივე მხარემ ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სააკაშვილი საკმაოდ ხშირად არაადეკვატურად იქცეოდა, მაგრამ ეს ალბათ მის ხასიათს უნდა დაბრალდეს. მართალია პირად ფაქტორს ამჟამად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააკაშვილი დატოვებს თანამდებობას, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში საქართველოში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემები გადაუჭრელი რჩება. ამდენად ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება თუ რაზე გაკეთდება აქცენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. სანამ რუსეთში დავობენ იმაზე ღირს თუ არა სააკაშვილის მთავრობასთან ლაპარაკი, ხოლო სააკაშვილი კი აკეთებს პროვოკაციულ განცხადებებს იმის შესახებ თითქოს რუსეთს მთელი საქართველოს დაპყრობა სურს, რუსეთის ეროვნულ ინტერესებში სულ უფრო ნაკლები ყურადღება დაეთმობა საქართველოს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებში რუსეთს. შედეგად თანდათან, მეზობლობის მიუხედავად, ქართველების ახალი თაობებისთვის ეროვნული ინტერესების შემუშავებაში რუსეთი შეიძლება საერთოდ დავიწყებას მიეცეს. რუსეთს კი საქართველო დაავიწყდება. ამის ტენდენციები უკვე შეინიშნება და მე მიმაჩნია, რომ ეს სუფთა ადამიანური თვალსაზრისით სავალალო იქნება.“

XS
SM
MD
LG