ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის ტერაქტები და ჩრდილოეთ კავკასია


მოსკოვის ტერაქტები და ჩრდილოეთ კავკასია
მოსკოვის ტერაქტები და ჩრდილოეთ კავკასია
<!-- IMAGE -->

გასული კვირის დასაწყისში „შავოსან ქვრივებად" შერაცხულმა დაღესტნელმა ტერორისტებმა - 17 წლის ჯანეტ აბდულაევამ და 28 წლის მასწავლებელმა მარიამ შარიპოვამ - მოსკოვის მეტროში თავი აიფეთქეს. აფეთქებების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 51 ადამიანი და ასობით დაიჭრა. ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ამ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ინტერვიუ სთხოვა ვაშინგტონში მდებარე დემოკრატიის ნაციონალური ფონდის მკვლევარს, ჩრდილოეთ კავკასიელ ჟურანლისტსა და უფლებადამცველს, ქალბატონ ფატიმა ტლისოვას. ინტერვიუს დასაწყისში მან აღნიშნა, რომ იგი გამოთქვამს მის პირად აზრს, რაც არ წარმოადგენს დემოკრატიის ნაციონალური ფონდის ოფიციალურ პოზიციას.

ტლისოვას მიაჩნია, რომ რუსეთსა და კავკასიას შორის ურთიერთობების კონტექსტში მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი აზრით, რუსეთის დამოკიდებულებას კავკასიის მიმართ საუკუნეების მანძილზე ძალადობა და ადამიანის უფლებების მასიური უგულვებელყოფა ახასიათებდა, რასაც ყოველთვის მოჰყვებოდა კავკასიელი ხალხების წინააღმდეგობა. ამასთან დაკავშირებით ტლისოვამ აღნიშნა:

„რაც უფრო მეტი ძალადობაა რუსეთის მხრიდან, მით უფრო მეტი წინააღმდეგობა იქნება კავკასიელი ხალხების მხრიდან. ორასზე მეტი წლის განმავლობაში რუსეთს ერთხელაც არ შეუცვლია ტაქტიკა და პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების მიმართ. არასდროს არ ყოფილა დაფუძნებული ან ლოგიკურად დასაბუთებული მცდელობა კავკასიელი ხალხების მიმართ პოლიტიკის გადახედვისა. იგივე შეიძლება ითქვას ამ რეგიონების ნამდვილ ინტეგრაციაზე კულტურული და სხვა თვლასაზრისით. სამწუხაროდ დღემდე ჩრდილო კავკასიასა და რუსეთს შორის უზარმაზარი უფსკრული არსებობს რომელსაც ყოველი რუსეთის მთავრობა, რეჟიმის მიუხედავად, სისხლითა და გვამებით ავსებას ცდილობდა. როგორც ირკვევა, ამგვარი მიდგომა გამოუსადეგარი აღმოჩნდა."

ტლისოვა აღნიშნავს, რომ მოსკოვში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ურთიერთობა რუსეთსა და ჩრდილო კავკასიას შორის მკვეთრად დაიძაბება. აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაცია ერთი ქვეყანა როდია რადგან კრემლის ოფიციალური პირების განცხადებები, რომელიც რუსეთის სახელით კეთდება, არ ასახავს კავკასიელი ხალხების განწყობას. ჩრდილოეთ კავკასიაში მოსკოვის მიერ დანიშნულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფაქტობრივად ვერ შეაჩერეს რეგიონიდან მიმართული ძალადობის ტალღა. ტლისოვას თქმით:

„თუ ჩვენ წარმოვიდგენთ შექმნილ მდგომარეობას მოლაპარაკებათა ფორმატში, მაშინ გამოდის ის, რომ მაგიდის ერთ მხარეს პუტინი და მედვედევი დასხდებიან, მაგრამ მაგიდის მეორე მხარეს ვინ იქნება? მათ მიერ დანიშნული პირები? ისინი ხომ კავკასიელი ხალხების სახელით ვერ ილაპარაკებენ. მაგიდის მეორე მხარეს იქნება დოკუ უმაროვი, მეამბოხეთა ლიდერი. ისინი მას სხვადასხვა სახელებს უგონებენ. ზოგჯერ 'ტერორისტს' უწოდებენ, ზოგჯერ კი 'ისლამურ რადიკალს, მაგრამ სინამდვილეში იგი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების სახელით გამოდის. სწორედ მას და არა კრემლის მიერ დანიშნულ პირებს, ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების დამცველად თვლიან. ამდენად რუსეთის მთავრობის პოლიტიკის შედეგი გახდა ის, რომ მაგიდის მეორე მხარეს აღმოჩნდა ის ხალხი, ვისაც მოსკოვთან არავითარი მოლაპარაკებების წარმართვა აღარ სურს. რუსებმა ხომ დახოცეს ყველა ვისთანაც მოლაპარაკებების წარმართვა შესაძლებელი იყო ან ვინც გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა. ახლა ერთადერთი მოთხოვნა არის რუსეთის გასვლა კავკასიიდან და აღარავინ ლაპარაკობს ჩეჩნეთისა თუ ინგუშეთის დამოუკიდებლობაზე. ამის მიზეზი კი ის არის, რომ რუსეთის გავლენა კავკასიაში უბრალოდ აუტანელი გახდა."

ტლისოვასთვის არავითარი სხვაობა არ არსებობს მოსკოვის მეტროში აფეთქებების შემდეგ პრეზიდენტ მედვედევისა თუ პრემიერ მინისტრ პუტინის ოფიციალურ განცხადებებსა და დოკუ უმაროვის მიმართას შორის. უზარმაზარი ქვეყნის მმართველი სახელმწიფო მოხელეებისგან მხოლოდ მუქარა და შურისძიების დაპირებები ისმოდა, რაც დამაჯერებლს ხდის დოკუ უმაროვის განცხადებას, რომ თვით რუსეთის მთავრობის წევრები ტერორისტები არიან.

კითხვაზე თუ რით არის განპირობებული რუსეთის მთავრობის უმაღლესი დონის მოხელეების ოფიციალური განცხადებები მოსკოვში მომხდარი აფეთქებების ორგანიზებაში საქართველოს როლის შესახებ, ფატიმა ტლისოვამ აღნიშნა:

„ეს არის რუსეთის მთავრობისა და სპეცსამსახურების ტრადიციული ტაქტიკა, რომელიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, გამოიხატება ცნობილ გამოთქმაში - აუტკივარი თავის ატკივება. ანუ ლაპარაკია პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით მტრის იმიჯის შექმნაზე. ხოლო ასეთ მიდგომას ყოველთვის ბუმერანგის ეფექტი მოჰყვება. თუ დაუკვირდებით, ყოველთვის როცა კავკასიაში სამხედრო ოპერაციები იგეგმება, მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი მედიისგან ჩვენ ხშირად გვესმის რომ მეამბოხეების უკან დგანან 'დასავლეთის' სპეცსამსახურები ან ამერიკის სპეცსამსახურები. ახლა ამ სპეცსამსახურთა რიცხვს მიუმატეს საქართველოს სპეცსამსახურებიც. ყოველივე ამას საპირისპირო შედეგი მოჰყვება რადგან კავკასიელებისთვის თითოეული პირი, ვინც სხვადასხვა ხერხებით რუსეთს ეწინააღმდეგება, მათი ინტერესებისა და იმედების დამცველს წარმოადგენს. ასეთ ვითარებაში ხსენებულ ოფიციალურ განცხადებებს არავინ სერიოზულად არ აღიქვამს. ყველას კარგად ესმის რომ ეს სრული უაზრობაა."

ინტერვიუს ბოლოს ფატიმა ტლისოვამ ასე დაახასიათა ჩრდილოეთ კავკასიაში საზოგადოებრივი რეაქცია მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების მიმართ:

„უპირველეს ყოვლისა მე მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მოსკოვის ცენტრში ამგვარი ტერორისტული აქტები არ მომხდარა. დაიღუპა ხალხი და ყველამ გაიგო, რომ თავდაპირველად ქაოტური მდგომარეობა შეიქმნა რადგან მთავრობა უბრალოდ ვერ გაუმკლავდა იმ მასიურ შიშსა და პანიკას რომელიც მოსკოვში სუფევდა. რუსეთის ხელისუფლება დაიბნა, ხალხს კი დაანახა რომ მოჩვენებითი წესრიგი სინამდვილეში ილუზია იყო, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა. ხალხი მიხვდა რომ მათ არავინ დაიცავს და რომ ხელისუფლებას მათ დასაცავად არავითარი პრაქტიკული ნაბიჯი არ გადაუდგამს. გაირკვა რომ ყველაფერი კვლავინდებურად დაუცველია და შედეგად ხალხს ხვალინდელი დღის ეშინია. ხოლო რაც შეეხება იმ პირებს, ვინც თავი აიფეთქა, რუსეთში არავის უფიქრია იმაზე თუ რა უბიძგებს ამ ახალგაზრდა ქალებს ამგვარი მოქმედებებისთვის. რატომ ჩავიდა მოსკოვში ორი განათლების მქონე მასწავლებელი მეტროში საკუთარი თავის აფეთქების მიზნით? რატომ? რა მოხდა მის ცხოვრებაში, რომ მას ცხოვრება აღარ სურდა? რატომ ირჩევს ადამიანი თვითმკვლელობას როგორც საკუთარი უფლებების გამოხატვის საშუალებას? ალბათ იმიტომ, რომ გარემოებებმა ისეთ ზღვრამდე მიიყვანა, რომ სხვა საშუალება არ იყო. მთელი მსოფლიო სდუმს იმასთან დაკავშირებით რაც კავკასიაში ხდება და რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო იმატებს იქ მცხოვრები ხალხის რადიკალიზაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მეზობელი სახელმწიფოებისთვის მზარდ საფრთხეს წარმოადგენს. ამდენად თუ დასავლეთის ქვეყნებმა არ აიმაღლეს ხმა კავკასიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაშინ ვშიშობ ეს საფრთხე გლობალურ პრობლემად გადაიქცევა."


XS
SM
MD
LG