ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური კონსენსუსის მოლოდინში


შეთანხმება/ საქართველო/ Georgia/ Tbilisi / Charles Michel
შეთანხმება/ საქართველო/ Georgia/ Tbilisi / Charles Michel

დასავლური მედიაციით საქართველოში, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტზე მხარეების მიერ ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია. მიშელი ამ ნაბიჯს მიესალმა.

„ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ აქ ვარ ისევ, საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტიდან ექვსი კვირის შემდეგ. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, ვინც ერთად იმუშავებს ინკლუზიურ პარლამენტში. ჩემს პატივისცემას გამოვხატავ ოპოზიციის პოლიტიკოსების მიმართ იმ ერთგულებისთვის, რაც დააფიქსირეს პირადი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. კომპრომისი არაა სისუსტე, ეს არის სიძლიერე და ეს არის ის გონივრული მიდგომა, რაც საჭიროა ამ ეტაპზე. ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. საქართველოს რეგორმები სჭირდება“, - განაცხადა შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ოპოზიციური სპექტრი ერთიანი არაა დოკუმენტის სანდოობასთან მიმართებით. გარკვეულ სკეფსისს მის შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქვამს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და ლეიბორისტული პარტია.

19 აპრილს, საღამოს, ერთის მხრივ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ონლაინ ჩართვისა და მეორეს მხრივ, ქართული მედიის ცოცხალი ჩართვის თანხლებით, შეთანხმების დოკუმენტს სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელი მოეწერა.

ხელმომწერთა შორის იყვნენ:

  • დავით ბაქრაძე (პარტიის გარეშე ხელმოწერა);
  • ალექსანდრე ელისაშვილი, მოქალაქეები;
  • ბადრი ჯაფარიძე, ლელო საქართველოსთვის;
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გირჩი მეტი თავისუფლება;
  • მამუკა ხაზარაძე, ლელო საქართველოსთვის;
  • ვახტანგ მეგრელიშვილი, გირჩი;
  • შალვა პაპუაშვილი, ქართული ოცნება’
  • სალომე სამადაშვილი, ენმ;
  • ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტია;
  • არჩილ თალაკვაძე, ქართული ოცნება;
  • გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებელი.

შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერებს 20 აპრილს შეუერთდნენ პოლიტიკოსები: გრიგოლ ვაშაძე, დავით ზილფიმიანი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, ანა ნაცვლიშვილი და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას ახლადშექმნილი გუნდის ცალკეული წევრები.

შეთანხმების დოკუმენტზე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის ხელმოწერას განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა, პარტიის მხარდამჭერების მხრიდან. ამ ნაბიჯს, სოციალურ ქსელებში სალომე სამადაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის ენით გაჯერებული კამპანია მოჰყვა.

შეთანხმების დოკუმენტი, სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“
შეთანხმების დოკუმენტი, სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“

მოგვიანებით, დოკუმენტს მხარი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დაუჭირა და განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი რეფერენდუმის შესაძლებლობასა და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას განთავისუფლების წინაპირობას ქმნის. მან საკუთარი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერი და მთავარი არხის დამფუძნებელი საპატიმროს დატოვებს. ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა იმის შესახებაც, რომ საქართველოში ჩასვლას გეგმავს, თვითმმართველობის არჩენების წინ.

მიუხედავად შეთანხმებისა, რჩება ბუნდოვანება მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით. მაგალითისთვის, ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა, ნიკა მელიას განთავისუფლების საკითხია, რის შესახებაც ამ დროისთვის კონკრეტული მექანიზმები არ დასახელებულა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ერთი კვირის ვადაში პარლამენტში პარტიებმა ამნისტიის კანონის ინიცირება უნდა მოახდინონ. ამ პირობას თავად შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს. მეორეს მხრივ, დღეს, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის სთავაზობდა ნიკა მელიას განთავისუფლების მექნიზმებს და "ქართული ოცნების" წარმომდგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ გირაოს ევროკავშირი დაფარავს.

რაც შეეხება გიორგი რურუას განთავისუფლებას, ის სავარაუდოდ პრეზიდენტის შეწყალებით დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.

ამ დროისთვის შეთანხმებასთან მიმართებით ყველაზე უფრო მეტად ხისტ დამოკიდებულებას "ევროპული საქართველო" აფიქსირებს. "ევროპული საქართველოდან" მეათე მოწვევის პარლამენტში სიით წარდგენილი წევრებიდან პარლამენტში 5 მოხვდა. მანდატები მიიღეს: დავით ბაქრაძემ, შალვა შავგულიძემ, ელენე ხოშტარიამ, არმაზ ახვლედიანმა და ტარიელ ნაკაიძემ. ამ სიიდან ცნობილია დავით ბაქრაძის, შალვა შავგულიძისა და არმაზ ახვლედიანის თანხმობის თაობაზე პარლამენტში შესვლის შესახებ.

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ შექმნა. მან განაცხადა, რომ მისი საპარლამენტო მანდატი "ევროპულ საქართველოს" ეკუთვნის და აპირებს ის არ გამოიყენოს. ამ დროისთვის ბუნდოვანია ტარიელ ნაკაიძის პოზიცია.

ამერიკის ხმასთან საუბრისას საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ბიძინა ლებანიძე აცხადებს, რომ ევროკავშირისთვის მოლაპარაკებების პროცესი პრესტიჟის საქმე იყო.

„ამ მოლაპარაკებების ჩავარდნას ექნებოდა უკიდურესად ნეგატიური გავლენა საქართველოს დაახლოვებაზე ევროკავშირთან. ევროკავშირისთვისაც მნიშნველოვანი პროცესია ეს. რადგან სურთ დაამტკიცონ, რომ პარტნიორ ქვეყანაზე აქვთ გარკვეული გავლენა. ეს პრესტიჟის საქმე იყო მათთვის,“- აცხადებს ბიძინა ლებანიძე.

შეთანხმებას, ბიძინა ლებანიძის თქმით, საქართველოსთვის კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა ართულებდა.

„იმ პოლიტიკოსების პოზიცია, ვინც უარს ამბობს შეთანხმებას ხელი მოაწეროს, თუ გამოწვეულია სირფთხილით და სურთ დარწმუნება, რომ ნამდვილად გამოუშვებენ ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრებს, ეს გასაგებია. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე გვიან, მათი განთავისუფლების შემდგომ, უნდა შევიდნენ ისინი პარლამენტში. მაგრამ თუ კვლავ არ მოაწერენ ხელს შეთანხმებას, გააგრძელებენ წითელ ხაზებზე დარჩენას, რადიკალური მოთხოვნების ყველა პუნქტის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ეს უსარგებლო იქნება მათთვის“,- ფიქრობს მკვლევარი.

მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა, დასავლური მედიაციით საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როგორ მოხდება დოკუმენტის იმპლემენტაცია, შეასრულებენ თუ არა მხარეები მის პირობებს და როდის იხილავს საზოგადოება მრავალპარტიულ პარლამენტის.

XS
SM
MD
LG