ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიაცია დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერით დასრულდა


ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული მედიაცია დასრულდა. დოკუმენტს "საქართველოს წინსვლის გზა", როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა მოაწერეს ხელი. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. ხელმოწერას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ონლაინ ესწრებოდა, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები კი ადგილზე იმყოფებოდნენ.

"აშშ-ის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ საქართველოს ეს წარმატება, რომ ქვეყანა იყოს აყვავებული. საქართველოს ჰქონდა ის პოლიტიკური გამბედაობა, რომ ამ პროცესში ჩაბმულიყო. მის მთავრობას და პარტიებს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ხელს აწერენ პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული. ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ" - თქვა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა პრეზიდენტის რეზიდენციაში მანამ, სანამ დოკუმენტზე ხელის მოწერის პროცესი დაიწყებოდა.

ქართული პოლიკური პარტიების შეთანხმებაზე ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღეა. მე შემიძლია ასევე ვთქვა, რომ ეს ჩემთვის ძალიან ემოციებით სავსე დღეა. დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერით, რომელსაც „გზა საქართველოსთვის“ ჰქვია, ეს პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი, იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც პარლამენტში გაგრძელდება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მე, როგორც ევროკავშირის ელჩმა, რომელიც ამ საკითხში ჩართული ვიყავი, ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. აქ მხოლოდ ისინი კი არ არიან, რომლებიც ამ შეთანხმებას ხელს აწერენ, არამედ, საქართველოს მოსახლეობაც, საქართველოს მოქალაქეებიც. დიდი მადლობა ყველას იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა და ასევე იმისთვის, რომ დღეს ამ შეთანხმებას ხელი ეწერება“ - თქვა კარლ ჰარცელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში.

როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციიდან კი პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებლი“, „ლელო“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოქალაქეები“ და „გირჩი“

ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, „ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ ექნება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ხელმოწერები.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG