ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილი: პოზნერის ვიზიტი კანონთან სრულ შესაბამისობაში იყო


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის და მისი სტუმრების ვიზიტს და საპროტესტო აქციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიზიტი „კანონთან სრულ შესაბამისობაში“ იყო.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ მომხდარით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისარგებლა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერს, რომელიც ასევე არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე არ დაურღვევია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტით. ეს მისი მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი იყო, მთავრობის დადგენილების შესაბამისად მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ ე.წ. კოვიდ პასპორტი, უარყოფილი პასუხი „პიასიარ ტესტზე“. შესაბამისად, ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში. რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში, რეგულაციების გაუთვალისწინებლად, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია ჩვენთვის ყველასთვის, რა თქმა უნდა, არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება, კერძოდ, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება ასევე ყოველი ინდივიდი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პროტესტის ეს ფორმა „ცდება ცივილურ ფორმებს და ქართულ სტანდარტებს“.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საზოგადოების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და როგორც ჩვევიათ მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის გარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც "ნაციონალურ მოძრაობას" და კერძოდ, სააკაშვილის მიზანია, რა თქმა უნდა, დესტრუქცია და საბოტაჟი ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა“, - განაცხადა პრემიერმა.

რუსეთის სამთავრობო "პირველი არხის" ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, თბილისში დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა. რუსი ტელეწამყვანის ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ. ამასთან ისინი აპროტესტებდნენ, პოზნენის და მისი თანმხლების მიერ ე.წ. "კომენდანტის საათის" დარღვევას, რომელიც კოვიდ-19-ის გავრცელების შეზღუდვის მიზნით მოქმედებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG