ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გოგო ხარ... იქნებ სხვა საქმე სცადო?!"


პროგრამისტი, მეღვინე, მორაგბე, რიენჯერი, პილოტი - ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ არაერთი პროფესიიდან, რომელიც ბევრს საქართველოში „ქალის საქმედ“ არ მიიჩნია. სწორედ ამიტომ უამრავ გოგონას სასურველი პროფესიის ასარჩევად ბევრად მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევს, ვიდრე მის თანატოლ და იმავე უნარებისა თუ ცოდნის მქონე ბიჭებს. მიზეზი კი მხოლოდ ერთია: ისინი გოგონები არიან.

მარიამ ლომთაძე პროგრამირებით 10 წლის ასაკში დაინტერესდა და გენდერული უთანასწორობისთვის თვალის გასწორებაც სწორედ ამ ასაკშივე მოუხდა.

„გადავწყვიტე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადავსულიყავი და ოჯახიდან წამოვიდა კითხვები, დარწმუნებული ხარ? რადგან გოგო ხარ, იქნებ არ არის ფიზიკა-მათემატიკა შენი საქმე... იქნებ სხვა რაღაცებს დაუთმო დრო... გოგო ხარ“... – იხსენებს მარიამი.

ამბობს, რომ ამ ყველაფერმა „ცოტა გული გაუტეხა“, მაგრამ უფრო დიდი მოტივაციაც მისცა: „მინდოდა დამემტკიცებინა, ის, რომ გოგო ვარ არაფერს ცვლის და მეც ისევე შემიძლია ყველაფერი, როგორც - ნებისმიერ ბიჭს“.

პროგრამირების სწავლა ძმის დახმარებით დაიწყო, მონაწილებდა ოლიმპიადებში, ჰაკათონებში, სხვადასხვა შეჯიბრში. 16 წლის იყო, როდესაც თბილისში თავის ძმასთან და მის მეგობართან ერთად დაარსებული სტარტაპისთვის მარტოს უნდა მიეხედა. 3 წელი Education USA -ში მოხალისე იყო და ამ გამოცდილებას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან სწორედ იქ უჭერდნენ განსაკუთრებით მხარს თავისი მიზნების მიღწევაში. 2018 წელს კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კამპუსზე საზაფხულო სკოლაში, სამეწარმეო ბანაკში მოხვდა და თანაგუნდელებთან ერთად ახალი აპლიკაცია შექმნა.

ახალგაზრდა დეველოპერი ახლა კანადაში ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს. კარლტონის უნივერსიტეტში მის სწავლას სრულად ელექტრო-შესყიდვების კანადური, მულტინაციონალური კომპანია „შოპიფაი“ აფინანსებს, ნახევარ განაკვეთზეც სწორედ იქ მუშაობს. აპირებს მომავალი კომპიუტერულ მეცნიერებებს და სამეწარმეო საქმიანობას დაუთმოს. თუმცა აქამდე მისასვლელ გზაზე ხშირი იყო გაკვირვება, დაცინვა, ქილიკი და ირონიული დამოკიდებულება.

„განსაკუთრებით ჰაკათონებში მონაწილეობა იყო რთული, ხშირად მხოლოდ მე ვიყავი ხოლმე გუნდში დეველოპერი, ერთადერთი დეველოპერი გუნდში და ისიც გოგო, სასაცილოდ მიაჩნდათ ხოლმე. თბილისში სტარტაპზე მუშაობისასაც 16 წლის გოგოს დანახვა არასერიოზულ დამოკიდებულებას იწვევდა ხოლმე, მაგრამ იმდენად მსიამოვნებდა და მინდოდა ამ საქმის კეთება, რომ ვცდილობდი გულთან ახლოს არ მიმეტანა“, - ამბობს მარიამი.

გოგონები სტერეოტიპების წინააღმდეგ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:35 0:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქალების შრომა საქართველოში კვლავ კაცების შრომაზე იაფია. ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის განსხვავება საშუალოდ თვეში თითქმის 500 ლარია. 2019 წელს მამაკაცების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1361 ლარი იყო, ქალებისა კი - 869.

“რად გინდა რაგბის თამაში, გოგო ხარ. ასეთი მესიჯები დღემდე მომდის, განსაკუთრებით ბიჭებისგან“, - ეს უკვე 21 წლის ნინო მიქანძის გამოწვევაა. „ყოველთვის ვცდილობ ავუხსნა, მე რადგან გოგო ვარ, ფიზიკურად დატვირთული ვარ და ვთამაშობ რაგბის, არ ნიშნავს, რომ კაცად გადავიქცევი... სტადიონზე სხვა ადამიანი ხარ... ეს სხვა სამყაროა.. სტადიონს გარეთ კი სხვა რეალობაა... თუმცა დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება“, - ამბობს ნინო.

ნუ ეტყვით გოგონებს, რომ ბიჭები მათზე უკეთესები არიან, რომ მათი ტვინი უკეთესია,
- ამბობს მარიამ ლომთაძე

რაგბის თამაში 16 წლის ასაკში, სოფელ დარჩელში დაიწყო. სკოლის მასწავლებლის, ვახო კორკელიასა და სანდრო ესაკიას მიერ დაარსებულ გუნდში გოგონების თამაში ჯერ ყველასთვის გასაკვირი იყო, შემდეგ დაიწყო საერთაშორისო გასვლები, ანდორა, საფრანგეთი... ნელ-ნელა იცვლებოდა მეზობლების, მასწავლებლების, თანასოფლელების დამოკიდებულებაც. თუმცა ოცნებაზე უარის თქმის ზღვარზეც არაერთხელ ყოფილა:

„ჩემს ოჯახთან არასდროს არანაირი კონფლიქტი არ მქონია რაგბის თამაშის შესახებ. პირიქით, ყველა მხარს მიჭერდა, ყველა გვერდში მედგა. მაგრამ ყოველთვის არის გარე ფაქტორები, რომლებიც შენზე ძალიან მოქმედებს. უთქვამთ ისეთი რაღაცაც, რომ მართლა დავრწმუნებულვარ, რომ მე გოგო ვარ და ეს მართლა არ შემიძლია და მოდი, შევეშვა. მერე ისევ ჩემით შევებრძოლე ამ აზრებს, რატომ უნდა შევეშვა, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ვიღაცამ მითხრა. დავრწმუნდი, რომ სხვას არ უნდა უსმინო. უნდა გააკეთო ის, რაც შენს გულს სურს, სიამოვნებას განიჭებს“, - ამბობს ნინო.

სასურველი პროფესიის აღმოსაჩენად მეტი დრო დასჭირდა მეღვინე ბაია აბულაძეს. მისი და მისი დის სახელობის ღვინოები საერთაშორისო ბაზარზეც თამამი განაცხადია. ამბობს, რომ მიუხედავად სირთულისა, სასურველი საქმიანობით მიღებული სიამოვნება, ყველა დაბრკოლების გადალახვად ღირდა. მართალია ახალგაზრდა დებისა და მათი ძმის წამოწყებას ოჯახური მეურნეობა ბიზნესად ექციათ, თავდაპირველად ახლობლებიც სკეპტიკურად შეხვდნენ, მაგრამ შემდეგ ეს საერთო ოჯახურ და წარმატებულ საქმედ იქცა. დღეს კი ქართული, ორგანული ღვინის დაყენების რთული ტექნოლოგიების შესახებ უცხოელ მეღვინეებს საერთაშორისო ფესტივალებზე, სწორედ ახალგაზრდა ქართველი გოგონები უყვებიან.

“მოდიან ხოლმე ჩვენთან და გვეკითხებიან ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ პროცესზე. ყოველთვის ვგრძნობთ, რომ მათ ძალიან აინტერესებთ ხოლმე, რატომ ვართ მე და ჩემი და ამ ბიზნესში, რატომ ჰქვია ჩვენს ღვინოებს „ბაიას და გვანცას ღვინოები“. მე კი ვისაც შევხვედრივარ, ძალიან ბევრ ქალს აღმოაჩნდა ამ სფეროსადმი ინტერესი და დღეს ძალიან ბევრი წარმატებული მეღვინე ქალია საქართველოში, რომელთა ღვინოებიც მთელ მსოფლიოში იყიდება.

ბაიას და გვანცას ღვინის გზა იმერეთიდან ვაშინგტონამდე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:58 0:00

„ნუ ეტყვით გოგონებს, რომ ბიჭები მათზე უკეთესები არიან, რომ მათი ტვინი უკეთესია“ , - ამბობს მარიამ ლომთაძე და კანადაში კომპიუტერული მეცნიერების სწავლას განაგრძობს. ფიქრობს, რომ თანაბარი შესაძლებლობებისათვის და სტერეოტიპების გავლენისგან გასათავისუფლებლად ბრძოლა პროფესიის არჩევით არ დასრულებულა. ამბობს, რომ დღემდე იმაზე მეტის დამტკიცება სჭირდება, ვიდრე მის თანატოლ ბიჭებს.

სწორედ ამიტომ, მისი აზრით, მშობლებმა და გარშემომყოფებმა გოგონებს განვითარებასა და ოცნებების ასრულებაში ხელი არ უნდა შეუშალონ. ამიტომ სოციალურ აქტივიზმში უფრო მეტად ჩართვა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით მეტი მუშაობა სურს. ამბობს, რომ ჯერ კიდევ პატრიარქალურ საზოგადოებაში მომავალი პროფესიისა და სასურველი საქმიანობის არჩევაში მათთვის თითოეული ადამიანის მხარდაჭერაც კი უკიდურესად მნიშვნელოვანი და ხშირად გადამწყვეტი იყო.

„დღემდე მეც კი ეჭვის ქვეშ ვაყენებ ხოლმე საკუთარ თავს, საკმარისად კარგი ვარ თუ არა ამ სფეროსთვის. შესაძლებლობები ყველასთვის ერთნაირია. უბრალოდ შრომა სჭირდება ყველაფერს... დამწყებ გოგონებს არ უნდა ვეუბნებოდეთ, რომ ბიჭებს უკეთესი ტექ-ტვინი აქვთ. ნუ მოვუკლავთ მომავლის იმედებს“, - ამბობს მარიამი და ყველას მოუწოდებს, გოგონებს ისევე დაუჭირონ მხარი საკუთარი სასურველი პროფესიის არჩევაში, როგორც - ბიჭებს.

„მე გამიმართლა, 2-3 ისეთი ადამიანი მყავდა, ვინც გვერდით დამიდგა. და წარმომიდგენია ვისაც არავინ ჰყავს, როგორი წნეხის ქვეშ არიან და როგორ შეიძლება ამ ყველაფერმა უარი ათქმევინოთ ოცნებებზე. ამ დროს ერთი ადამიანიც საკმარისია და მინდა, რომ სწორედ ის ერთი ადამიანი ვიყო იმ დამწყები გოგონებისთვის, რომლებიც ახლა ჩემს სფეროში აბიჯებენ“.

XS
SM
MD
LG