ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შარლ მიშელმა ოპოზიციას და პრემიერ-მინისტრს დიალოგის დაწყების მიზნით შეხვედრის ინიციატივა შესთავაზა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მისი ერთ-ერთი გზავნილი საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებას ეხებოდა. მან ყველა მხარეს დეესკალაციისა და ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა. მიშელმა ოპოზიციასა და პრემიერ-მინისტრს მისი ვიზიტის დასრულებამდე შეხვედრის ინიციატივა შესთავაზა.

„ახლა და აქ მე ძალიან მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. არსებული პოლარიზაცია და კრიზისი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ მოიპოვა წლების განმავლობაში ეს დემოკრატია, და მიღწევები. ეს ყველაფერი, არსებული წინააღმდეგობები კი თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, თქვენი კოლეგების ძალისხმევით და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს და დარეგულირდეს. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და ასევე გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესებისთვის და ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს და მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. მე ვიმეორებ, რომ პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა. ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს, ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნეს მოგვარებული.

(რადიო თავისუფლების ვიდეო)

ასევე მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები, ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველამხრივ ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას, დემოკრატიას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

„მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრეზიდენტის ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. აქვე მინდა დავადასტურო, რომ მე ვარ მზად, რომ ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის და მე მინდა ჩვენი მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ, ასე ვთქვათ, კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა შარლ მიშელს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ის ასევე ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG