ავღანეთში გრძელდება საომარი მოქმედებები, მიუხედავად ამისა შეერთებული შტატები თალიბებთან წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მოლაპარაკებების მთავარი თემა ამერიკის ცეხეებში მყოფი თალიბი მეომრების განთავისუფლებაა, თუმცა 2014 წელს ავღანეთიდან შეერთებული შტატების ჯარების გამოყვანის გეგმები ამ ქვეყანაში პოლიტიკური შეთანხმების აუცილებლობაზე მეტყველებს.
შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით ვაშინგტონი მხარს უჭერს ავღანეთის სამშვიდობო პროცესს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის ბრუს რიდელის განცხადებით შეერთებული შტატები არაფერს არ კარგავს ავღანეთში სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერით.
მისი თქმით:“ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური გარიგების წინააღმდეგი და დაველოდებით პრეზიდენტ კარზაის მთავრობასა და თალიბანის მოძრაობას შორის დაწყებული ურთიერთობის განვითარებას.“
ბატონი რიდელის განცხადებით თალიბებსა და ავღანეთის მთავრობას შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ძალზე მცირეა, რადგან კარზაის ადმინისტრაციას თალიბები ამერიკელების მარიონეტებად განიხილავენ.
ავღანეთში ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენლის ფრენსის ვენდრელის განცხადებით თალიბები მხოლოდ ამერიკელებთან მოლაპარაკებით არიან დაინტერესებულნი.
მისი თქმით:“ მათ არ სურთ კარზაის მთავრობასთან ურთიერთობა, ავღანეთის პრეზიდენტი კი თავის მხრივ ამერიკელთა ძალისხმევის წინააღმდეგ საბოტაჟის განხორციელებას ცდილობს. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ვაშინგტონი და ქაბული ერთმანეთს ეჯიბრებიან თალიბებთან მოლაპარაკების დაწყებაში, რის გამოც ეს უკანასკნელი არ მალავს თავის კმაყოფილებას.“
ავღანეთის პოლიტიკის ექსპერტის კენ დენიზის განცხადებით თალიბების მთავარი მიზანი ქვეყნიდან უცხოეთის ძალების გაყვანაა. ნატო და შეერთებული შტატები კი ამ პროცესის უსაფრთხოებაზე ფიქრობენ.
მისი თქმით:“ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება ავღანეთიდან ჯარების უსაფრთხო გამოყვანის უზრუნველყოფით არის განპირობებული და თალიბების პარტიზანული რაზმების თავდასხმების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.“
როგორც ნოტრ დამის უნივერსიტეტის მშვიდობის საერთაშორისო კვლევების დირექტორი დევიდ კორთრაითი აცხადებს:“ ჩვენ საომარი მოქმედებების შეწყვეტა გვსურს და რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი მოლაპარაკებებს? ჩვენ ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია თალიბებისთვის, თუნდაც დრონების თავდასხმების შეწყვეტა, საცხოვრებელ სახლებში რეიდების განხორცილებაზე უარის თქმა და საომარი მოქმედებების შეჩერება, რა თქმა უნდა თუ ისინიც იგივეს გააკეთებენ. ამის შემდეგ იმგვარი პოლიტიკური შეთანხმება უნდა მოხდეს, რომელიც ავღანეთის კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარეს დააკმაყოფილებს.“
პოლიტიკური მიმომხილველების აზრით თალიბები უარს იტყვიან კარზაის მთავრობასთან თანამშრომლობაზე. როგორც ამ ქვეყანაში ევროკავვშირის ყოფილი ელჩი ფრანსიზ ვენდრელი ამბობს კარზაისთან ურთიერთობა დასავლეთის კოალიციასაც უჭირს, ასე რომ არ არის გამორიცხული ავღანეთის პრეზიდენტის ზურგს უკან მოკავშირეებმა სეპარატისტული გარიგება დადონ მოწინააღმდეგესთან.
ბატონი ვენდრელის განცხადებით:“ ამ კაცთან მოლაპარაკება რთული საქმეა, კარზაიმ ჩრდილოეთის ალიანსის წარმომადგენლებთანაც კი ვერ მოახერხა კომპრომისის მიღწევა, რომელიც ქაბულის პოლიტიკური ელიტის ნაწილია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკელებმა პირდაპირ თალიბებთან დადონ შეთანხმება, როგორც ეს საბჭოთა კავშირმა გააკეთა 1989 წელს, შეერთებულმა შტატებმა კი 1973 წელს ვიეტნამიდან გასვლის წინა პერიოდში, როდესაც ვაშინგტონი მოწინააღმდეგესთან მოლაპარაკებას სამხრეთ ვიეტნამის მარიონეტული მთავრობის ზურგს უკან აწარმოებდა.“
დევიდ კორთრაითის განცხადებით სამშვიდობო პროცესი პაკისტანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ეფექტური იყოს, რადგან პაკისტანის უშიშროების სამსახური და სამხედრო ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებენ, რათა გაიზარდოს თალიბების სტრატეგიული გავლენა ავღანეთში.
მისი თქმით:“ ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ ისინი თალიბებს დიდი ხნის მანძილზე მართავდნენ და აფინანსებდნენ. ეს არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს. ამის გამო, თუ პაკისტანელები არ იქნებიან ჩართულები შესაძლოა მათ სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი ჩაშალონ კიდეც.“
ანალიტიკოსების აზრით, თუ არ მოხდა პოლიტიკურ პროცესში ყველა პარტიის მონაწილეობის უზრუნველყოფა, მაშინ არ არის გამორიცხული ავღანეთი ისევ სამოქალაქო ომის ჭაობში ჩაეფლოს, როგორც ეს გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა.