ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ასადის რეჟიმის დასჯის მომხრეა


სირიის ქიმიური იარაღის რუსეთისთვის გადაცემის იდეას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სკეპტიკური გამოხმაურებები მოჰყვა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:04 0:00
ბმული

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის მხრიდან სირიაში ქიმიური იარაღის შესახებ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ კომენტარს საერთაშორისო რეაქცია და რუსეთის და საფრანგეთის მხრიდან დიპლომატიური ინიციატივები მოჰყვა. ამ ინიციატივებმა შეიძლება შეერთებული შტატების გეგმები შეცვალოს კონგრესში კენჭისყრაზე გასატან საკითხთან ერთად, ასევე - სირიის დამოკიდებულება და დანარჩენი მსოფლიოს დიპლომატიური ძალისხმევა . თუმცა ექსპერტები მსჯელობენ იმაზე, იქნება არა დიპლომატიური ძალისხმევა სირიის საკითხის გადასაწყვეტად საკმარისი, თუ ეს სირიას მის მოკავშირეებთან ერთად გასულ თვეს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტიდან ყურადღების გადასატანად აწყობს, რომ ამერიკამ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა გადაიფიქროს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელ პესინი ლონდონიდან მოგვითხრობს.

ორშაბათს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ლონდონში გამართული გრძელი პრეს-კონფერენციის ბოლოს ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა, რა შეუძლია მოიმოქმედოს სირიამ იმისათვის, რომ ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციას გადაურჩეს.

ჯონ კერი: ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სირია საკუთარ ქიმიურ იარაღს საერთაშორისო თანამეგობრობას მომავალ კვირას გადასცემს.

თუმცა სახელმწიფო მდივანმა მაშინვე განმარტა, რომ მხოლოდ თეორიულ შესაძლებლობებზე საუბრობდა და არ მოელის, რომ მსგავსი რამ მოხდება.

ჯონ კერი: ბაშარ ალ-ასადი ამას არ აპირებს, ცხადია რომ ასე არ მოხდება.

თუმცა რუსეთი ჩანს, მოწადინებულია რომ სირია დაარწმუნოს ამ იდეის განხორციელებაში, თუნდაც პრინციპული მიდგომის დონეზე. ეს ცვლის გეგმებს კონგრესშიც, რომელსაც კენჭი უნდა ეყარა ობამას ინიციატივაზე, სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ სირიაში. საფრანგეთი კი გაეროს უშიშროების საბჭოს სირიაში არსებულ ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის მექანიზმის თაობაზე რეზოლუციის კენჭისყრისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ასეთი ტიპის დიპლომატიურ ძალისხმევას მიესალმება, თუკი ეს სირიის საკითხთან მიმართებაში შედეგს მოიტანს.

თუმცა ეს პროცესი, როგორც ჩანს, დროში გაიწელება, დასჭირდება კვირები, თვეები, რის გამოც ამერიკის მაღალჩინოსნები და სხვა ქვეყნები ლიდერები ფიქრობენ, რომ სირია და რუსეთი დროის ფაქტორით ისარგებლებენ და რეალურად არაფერს გააკეთებენ. ჯონ კერიმ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობაზე და სამხედრო ინტერვენციის თავიდან აცილებაზეც გააკეთა კომენტარი.

პოზიცია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უილიამ ჰეიგმაც დააფიქსირა.

უილიამ ჰეიგი: ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკური სვლა არ არის. ასევე ეს არ უნდა იყოს ამ საკითხების გადაწყვეტის საქმეში ძალისხმევის დასრულებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობაც. ამიტომ მე მივიჩნევ, რომ პასუხისმგებლობა რუსეთს და სირიას ეკისრება რომ დაგვარწმუნონ იმაში, რომ მათი ნდობა შეიძლება.

პრეზიდენტ ობამას სამხედრო მეთოდით პრობლემის მოგვარების მიზანს, სამომავლოდ სირიის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შეჩერება წარმოადგენს. ის აცხადებს, რომ სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის თითქმის საუკუნის წინ დადებული გლობალური შეთანხმების დარღვევისთვის უნდა დაისაჯოს.

საჰაერო იერიში სირიაზე კონგრესის თანხმობისთანავე შეიძლება დაიწყოს. თუმცა ლონდონის სამეფო კოლეჯის საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ჯოანა კიდი აცხადებს, რომ სირიის ქიმიური იარაღის გადაცემის პროცესი ძალიან დიდ დროს წაიღებს, მას ეეჭვება, რომ მსგავსი რამ საერთოდ მოხდეს.

ჯოანა კიდი: ეს საქმე რამდენიმე თვეს წაიღებს და რა თქმა უნდა, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რაც ამ პროცესს ხელს მნიშვნელოვნად შეუშლის.

ის ამბობს, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციას რომლის ოფისი ჰააგაში მდებარეობს, შეუძლია ამ პროცესში საკუთარი ინსპექტორები ჩართოს. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ შესაძლოა მათი მონაწილეობა საკმარისი არ იყოს, ან მათ ვერ შეძლონ მთლიანად სირიის ტერიტორიის შემოწმება, ასევე შესაძლოა არც მოისურვონ თავიანთი საქმიანობის წარმართვა ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომია.

პროფესორი ამბობს, რომ არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც ეს იდეა შეიძლება ვერ განხორციელდეს.

ჯოანა კიდი: ქიმიური იარაღი, როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანია სირიის ხელისუფლებისთვის. დადასტურებულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სირია ქიმიურ იარაღს აწარმოებდა.

თუმცა სირიას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მის მთავარ მეკავშირეს, რუსეთს. ვაშინგტონის ამერიკის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი ალან ლიჩმენი ამბობს, რომ რუსეთის დაინტერესება ამ საკითხთან მიმართებაში, ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით შეიძლება ლეგიტიმურიც იყოს.

ალან ლიჩმენი: რუსეთის მხრიდან საკმაოდ სერიოზული წინადადებაა. მათ საერთაშორისო დონეზე პრესტიჟის ამაღლება სურს, რუსეთის მხრიდან ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გამო, რომელიც ყველამ იცის რომ არის საშინელი, დაუნდობელი, სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც წესით მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ უნდა უჭერდეს მხარს. ამგვარად ეს რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მხრიდან საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების კუთხით გადადგმული ნაბიჯია.

თუმცა მიზანს უფრო მეტად სირიის კრიზისი დასრულება უნდა წარმოადგენდეს. სირიის ქიმიურ საცავებზე ნებისმიერი საერთაშორისო კონტროლი რეალურად უნდა განხორციელდეს და შემოწმებას დაექვემდებაროს.

თუკი ეს ასე არ მოხდა, დასავლეთის ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ ასადი უფრო გაბედულად გამოიყენებს აკრძალულ სასიკვდილო ნივთიერებას და სხვა ქვეყნის მეთაურებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ამერიკის და გაეროს შეშფოთებას შეუძლიათ ანგარიში არც გაუწიონ, განსაკუთრებით ეს ეხება ჩრდილოეთ კორეას და ირანს, ქვეყნებს რომელთაც ამერიკა და გაერო ატომური იარაღის წარმოების შეწყვეტისკენ დიდი ხანია მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG