ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს კონგრესი სირიის საკითხის განხილვას იწყებს


ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა ქალაქებში ანტი-საომარი დემონსტრაციები მიმდინარეობს


ორშაბათს შეერთებული შტატების კონგრესი საშემოდგომო სესიაზე შეიკრიბა და პრეზიდენტ ობამას მიერ წარდგენილი საკითხის განხილვას მაშინვე შეუდგა. მთავარი თემა კონგრესის მხრიდან ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების სანქციის გაცემაა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმენი იმის შესახებ მოგვითხრობს, რომ კანონმდებლები ერთის მხრივ იმ ამომრჩეველთა ინტერესების მიხედვით მოქმედებენ რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან, ხოლო მეორე მხარეს არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც ქიმიური იარაღის შემდგომი გამოყენების პრევენციას ცდილობს, რადგან უმოქმედობას შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს.


კაპიტოლიუმის წინ საპროტესტო მსვლელობა კონგრესმენების არდადეგების დასრულების და საკანონმდებლო მუშაობის განახლების ფონზე გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათი სურვილია საკუთარი ხმა კანონმდებლებს მიაწვდინონ.


მედეა ბენჯამინი, პაციფისტური მოძრაობის წევრი: აქციის დროს დადებითი რეაქციებია ყველასგან. მძღოლების მხრიდან რომლებიც გზაზე ხვდებათ, ასევე ტურისტებისგან რომლებიც ქუჩაში სეირნობენ, ადამიანებისგან რომლებიც ვარჯიშობენ, ამ მოძრაობას მხარს პოლიციელები და კონგრესის თანამშრომლებიც უჭერენ.


მისი თქმით ძალის გამოყენება არასწორი იქნება.


მედეა ბენჯამინი: თუ პრეზიდენტი აცხადებს, რომ სირიის მოსახლეობის მდგომარეობაზე ზრუნავს, ამერიკას შეუძლია 2 მილიონზე მეტ ლტოლვილს ჰუმანიტარული დახმარების გაზრდით დაეხმაროს. მსურს, საგადასახადო სამსახურის მიერ ხელფასიდან დაქვითული თანხა სწორედ ამ მიმართულებაზე იქნას მობილიზებული.

გამოკითხვების მიხედვით, ამერიკის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგია. სენატის უმრავლესობის ლიდერი ჰარი რიდი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.


ჰარი რიდი: დღეს ამერიკელების უმრავლესობა აცხადებს, რომ ეს სიმხეცე მათი საქმე არ არის. ამაზე მათ არ უნდა იზრუნონ. თუმცა კონგრესმენი ამას არ ეთანხმება. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ძლიერი მხარე სუსტის წინააღმდეგ ასეთი ტიპის იარაღს იყენებს, შეერთებულ შტატებს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს.


დემოკრატების სენატორი ბარბარა მიკულსკი აცხადებს, რომ სამხედრო მოქმედებებს მხარს უჭერს, თუმცა ამ განცხადებას თან გარკვეული სიფრთხილით აკეთებს.


ბარბარა მიკულსკი: არ ვფიქრობ რომ სამხედრო ჩარევა სირიის სამოქალაქო ომს შეაჩერებს. არ მჯერა რომ ინტერვენცია ასადის რეჟიმს შეუბრალებელი დიქტატორული ქმედებების განხორციელებაში ხელს შეუშლის. არ მჯერა იმის, რომ სამხედრო დარტყმები ქიმიურ იარაღს მოსპობს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის სამხედრო რეაქცია იმის შესაძლებლობას შეასუსტებს, რომ ეს იარაღი კიდევ იქნას გამოყენებული.


რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებელი სამხედრო დარტყმის წინააღმდეგ ღიად გამოდის. სენატორ დენ კოუტს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, თუმცა პრეზიდენტ ობამას მაინც აკრიტიკებს.


დენ კოუტი: დარწმუნებული ვარ, რომ თუკი პრეზიდენტი წითელ ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში დამოუკიდებლად იმოქმედებდა, ეს მსჯელობაც აღარ გაიმართებოდა. ამ შემთხვევაში ასადის მიერ ამ იარაღის გამოყენება განიხილება როგორც მისი მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი დაუნდობელი ნაბიჯი. მაგრამ ამერიკა არ უნდა ცდილობდეს რომ ჩაერთოს კიდევ ერთ სამოქალაქო დაპირისპირებაში იმაზე მეტად ვიდრე უკვე არის ჩართული, რადგან სახეზეა ამ ომის დროს დაღუპული 100 ათასზე მეტი სირიელი, რომელიც ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღის გამოყენებამდე შეეწირა.


არსებობს სხვა მოსაზრებაც. დემოკრატი სენატორი რიჩარდ დარბინი ამბობს, რომ ობამას მკვეთრი პოზიცია დააჩქარა რუსეთის შეთავაზებამ რომ სირიამ რუსეთს თავის ქიმიური იარაღის მარაგი გადასცეს.


რიჩარდ დარბინი: საერთაშორისო დიპლომატიაში იმ სიტუაციაში აღმოვჩდით, როდესაც პუტინის ეს წინადადება უფრო მეტ როლს თამაშობს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში პრინციპულ მიდგომასთან დაკავშირებით, ვიდრე სხვა დანარჩენი ფაქტორი.


ანალიტიკოსი სტუარტ როტენბერგი ფიქრობს, რომ ობამას კონგრესის მხარდაჭერის მისაღებად სირთულეები ელის.


სტუარტ როტენბერგი: კონგრესი აპირებს პრეზიდენტ ობამას დაპირდეს მხარდაჭერა და შემდეგ კი უთხრას: არა თქვენ ამის გაკეთების ნებართვას არ გაძლევთ, რაც იმას გამოიწვევს რომ მსოფლიოში შეერთებული შტატების მიმართ ნდობა შესუსტდება.

როდის გავა საკითხი კენჭისყრაზე სენატში და წარმომადგენელთა პალატაში ჯერჯერობით ისევ უცნობია.
XS
SM
MD
LG