ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

5 რამ, რაც ისრაელის მიერ ირანზე მიტანილ იერიშზე უნდა ვიცოდეთ


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრება. თელ-ავივი, ისრაელი. 26 ოქტომბერი, 2024წ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრება. თელ-ავივი, ისრაელი. 26 ოქტომბერი, 2024წ.

26 ოქტომბერს, გამთენიისას, ისრაელმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ეს იყო პასუხი ირანის მხრიდან ისრაელზე ჯერ აპრილში, შემდეგ კი ოქტომბრის დასაწყისში განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო თავდასხმაზე. ბოლო შეტევისას, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა გაუშვა.

ისრაელს ირანში ბევრი სამიზნე ჰქონდა

ისრაელმა იერიში ირანის სხვადასხვა რაიონში ბევრ ადგილას მიიტანა. აფეთქებები ისმოდა დედაქალაქ თეირანში და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო პუნქტებზე.

ისრაელის თავდაცვის განცხადებით, მათ „ზუსტი და მიზანმიმართული დარტყმები“ მიიტანეს სარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ირანის „საჰაერო შესაძლებლობებზე“, ასევე რაკეტების საწარმოო ობიექტებზე, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენება. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ისრაელს ახლა ირანში ოპერაციის უფრო ფართო საჰაერო თავისუფლება აქვს".

პასუხად თეირანი იმეორებს, რომ დარტყმებმა მათ მხოლოდ "შეზღუდული ზიანი მიაყენა". ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს "ირნა" (IRNA) ცნობით, რომელიც ეროვნული საჰაერო თავდაცვის ოფიციალურ ცნობას ეყრდნობა, ისრაელი თავს დაესხა სამხედრო ობიექტებს თეირანში და ირანის დასავლეთით მდებარე ორ პროვინციაში. თეირანის ცნობით, ირანულმა ძალებმა "წარმატებით" შეაჩერეს დარტყმების დიდი ნაწილი, რის შედეგადაც იერიშებმა მხოლოდ "შეზღუდული მასშტაბის ზარალის" მიტანა შეძლეს.

ისიც მნიშვნელოვანია, თუ რა არ იყო მიზანში

როგორც მიტანილ იერიშებზე ჯერ კიდევ შეზღუდული ინფორმაციიდან იკვეთება, ისრაელის სამიზნეში არ იყო ისეთი ობიექტები, რომლებიც თეირანის ძალზე მკაცრ პასუხს გამოიწვევდა. კერძოდ, ისრაელი არ დასხმია თავს არც ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურას, რომელიც "ოპეკის" წევრი ქვეყნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და არც ირანის ბირთვულ ობიექტებს.

ამ თვის დასაწყისში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს ისრაელის თავდასხმას ირანის ბირთვულ ობიექტებზე.

შეტევა დასრულებულია

ისრაელმა 26 ოქტომბერსვე განაცხადა, რომ გამთენიისას ირანის ობიექტების დაბომბვა იყო ამ თავდასხმის დასასრული. "საპასუხო თავდასხმა დასრულდა და მისი მიზნები მიღწეულია", - თქვა ადმირალმა ჰაგარიმ ამ იერიშზე ცნობების გავრცელებიდან დაახლოებით 4 საათში.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმებმა სასურველ მიზანს მიაღწია, თუმცა ამ განცხადების დასასაბუთებლად რაიმე მტკიცებულება იქვე არ წარმოუდგენია. ჰაგარის განცხადების მიხედვით, ისრაელი შეეცადა შეეზღუდა ირანის საჰაერო შესაძლებლობები, რომელსაც თეირანი ისრაელის წინააღმდეგ იყენებს.

აღშფოთება და თავშეკავებისკენ მოწოდება

თეთრმა სახლმა მიანიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს ისრაელსა და ირანს შორის პირდაპირი დარტყმების დასრულება. ვაშინგტონმა ირანი გააფრთხილა, არ წამოიწყოს საპასუხო იერიში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ "საჭიროა რეგიონში შემდგომი ესკალაციის" თავიდან არიდება. ლონდონმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

რეგიონის ლიდერებისგან გაცილებით კატეგორიული განცხადებები გაისმა. საუდის არაბეთმა დაგმო შეტევა ირანზე, მას რეგიონის უსაფრთხოებისთვის შექმნილი მუქარა უწოდა და თქვა, რომ მომხდარი "საერთაშორისო კანონმდებლობისა და ნორმების" დარღვევას წარმოადგენს. თურქეთმა ისრაელი რეგიონში "დიდი ომის ზღურბლამდე მიყვანაში" დაადანაშაულა. მომხდარი დაგმეს სირიაში და ერაყში.

რა იქნება ირანის პასუხი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ თეირანი უპასუხებს ისრაელის საჰაერო თავდასხმებს. ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელის იერიშს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა უწოდა.

ირანმა შესაძლოა ისრაელის კიდევ ერთხელ დაბომბვა სცადოს. თუმცა, ამის გაკეთება საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიაზე ისრაელის მორიგი პირდაპირი შეტევის პროვოცირებას იმ მომენტში, როდესაც მისი თავდაცვა საკმაოდ დასუსტებულია. თეირანს ასევე შეუძლია წაახალისოს მისი მხარდაჭერით რეგიონში მებრძოლი სამხედრო ჯგუფები, როგორიცაა "ჰამასი" ღაზის სექტორში და "ჰეზბოლა" ლიბანში, რათა მათ გააძლიერონ თავდასხმები ისრაელზე.

შეერთებულ შტატებს და დასავლეთის ბევრ ქვეყანას "ჰეზბოლა", "ჰამასი" და ირანის რევოლუციური გვარდია ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG