ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის ამერიკის სახელმწიფო მდივანი რეგიონულ ტურნეს განაგრძობს. ამჯერად, ენტონი ბლინკენი რამდენიმე საათის წინ, კატარის მმართველ ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის შეხვდა. შეხვედრის დროს, განხილული იყო ღაზის სექტორსა და ლიბანში კონფლიქტის გადაწყვეტის გზები. კატარში მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივანი დღესვე შეხვდება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ალ თანს.
კატარში ენტონი ბლინკენის ეს შეხვედრები წინ უსწრებს 25 ოქტომბერს ლონდონში არაბ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გამართვას,
ენტონი ბლინკენი ტურნეს ფარგლებში უკვე იმყოფებოდა ისრაელში და საუდის არაბეთში. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიზანია „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლება და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფა. შეხვედრებზე განხილული იყო როგორც ომის დასრულების საკითხი, ასევე ომის შემდეგ ღაზის მმართველობისა და რეკონსტრუქტიის თემებიც.
ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფა და მზარდ ლტოლვილთა ნაკადების მართვაში ჩართულია საფრანგეთიც. პარიზში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც ლიბანში ომის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად თანხები შეგროვდა.
„უახლოეს პერსპექტივაში მასიური დახმარებაა საჭირო ლიბანის მოსახლეობისთვის, როგორც ომის შედეგად დევნილი ასობით ათასი ადამიანისთვის, ასევე იმ თემებისთვის, რომლებიც მათ მასპინძლობენ“,- თქვა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
სამშვიდობო გზების ძიების პარალელურად ისრაელი ამბობს, რომ ლიბანში ისრაელის არმიას იერიშები მიაქვს „ჰეზბოლას“ პოზიციებზე და ოპერაცია ირანის მხარდაჭერილი ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული და არა ლიბანისა და ლიბანელების წინააღმდეგ.
ღაზაში ისრაელის ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც „ჰამასის“ მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს და მოკლეს 1200-ზე მეტი ადამიანი, 250 კი მძევლად აიყვანეს. ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება 100 მძევალი, მათ შორის არსებული ინფორმაციით არიან მცირეწლოვნებიც.
„ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის მიმდინარე ომის განმავლობაში ღაზის სექტორის დიდი ნაწილი სრულად ან ნაწილობრივ არის განადგურებული, ღაზის "ჰამასის" მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის კონტრიერიშის შედეგად ღაზის სექტორში 42 800 ადამიანია დაღუპული. ისრაელი აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვში "ჰამასის" რამდენიმე ათასი შეიარაღებული მებრძოლი შედის.
ღაზაში „ჰამასთან“ ბრძოლის პარალელურად ისრაელმა ლიბანში, ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგაც დაიწყო ომი. რის გამოც გაიზარდა შეშფოთება ომის მასშტაბის გაზრდის შესახებ. როგორც „ჰამასი“ ასევე „ჰეზბოლა“ ამერიკის შეერთებულ შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად არის გამოცხადებული. ამერიკის და პარტნიორი ქვეყნების მიზანია ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტი თავიდან იქნას აცილებული და მოხდეს ირანის შეკავება, რომელმაც ბოლო ერთი წლის მანძილზე ისრაელზე, ორი წარუმატებელი საჰაერო იერიში განახორციელა. ისრაელმა რკინის გუმბათისა და ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო მხარდაჭერის შედეგად ირანის ორივე იერიშის მოგერიება შეძლო.