ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი აქცია გაიმართა


დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გამართა.

"მშვიდობას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება, მით უფრო დღეს, როდესაც გარე თუ შიდა მტრები გამალებით ცდილობენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან, ქვეყანა ომში ჩაითრიონ და ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს! -თქვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მანვე დასძინა, რომ მისი გუნდი არ დაუშვებს, რომ "ვიწროპარტიული ინტერესების გამო, საქართველო საბრძოლო პოლიგონად" იქცეს.

„ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას დღეს, არამედ ვიცავთ სიცოცხლეს და პერსპექტივას, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ ვერასდროს შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა თუ ვიწროპარტიული ინტერესების ასპარეზად აქციოს, რათა აღარასდროს მოგვიწიოს ქვეყნის ნულიდან შენება და მომავალმა თაობებმა მაინც არ განიცადონ ის ტკივილი და სიმწარე, რაც ომს და ნგრევას ახლავს თან!“, - თქვა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ იმ მიზნებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შედეგად სურთ.

"საზოგადოების მხრიდან მონიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს! ამასთანავე, მთელს საერთაშორისო საზოგადოებას დაანახებს, თუ ვის ანდობს ქვეყანას ქართველი ხალხი, რომელიც არა მხოლოდ ღირსეულ ევროპულ მომავალს, არამედ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს!“, - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, კონსტიტუციის დონეზე აკრძალავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის "სატელიტ პარტიებს".

მმართველი პარტიის ძირითადი ღონისძიების დაწყებამდე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავისუფლების მოედნის მიმართულებით გაემართნენ. წინა რიგებში ისგნენ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი („ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-10 ნომერი), პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები.

„უბრალოდ, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. მე ვთვლი, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ჩვენი მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ომსა და მშვიდობას შორისაა არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს. მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები“, - უთხრა ტელეკომპანია „იმედს“ ცოტნე ივანიშვილმა. საპატიო თავმჯდომარის მეორე, უფროსმა ვაჟმა - ბერამ კი თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ იმღერა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის წევრები და მხარდამჭერები, აქტივისტები და საჯარო მოხელეების ნაწილი.

XS
SM
MD
LG