ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დე-ფაქტო შეწყვეტილია“ - ევროპელი ლიდერების კრიტიკული შეფასებები საქართველოზე


ევროკავშირის ლიდერებმა სამიტის პირველი დღის დასასრულს, ფოტო უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გადაიღეს. ბრიუსელი, ბელგია. 17 ოქტომბერი, 2024 წ.
ევროკავშირის ლიდერებმა სამიტის პირველი დღის დასასრულს, ფოტო უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გადაიღეს. ბრიუსელი, ბელგია. 17 ოქტომბერი, 2024 წ.

17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ბელგიის დედაქალაქში თავი მოიყარა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერმა. სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც იდგა. კრიტიკული აღმოჩნდა როგორც ევროპული საბჭოს დასკვნითი ტექსტი, ისე ევროპელი ლიდერების განცხადებები.

„მოქმედების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე-ფაქტო აჩერებს მიღების პროცესს“, - ვკითხულობთ შეხვედრის შეჯამებაში, რომელიც 17 ოქტომბრის საღამოს გამოქვეყნდა.

ამ ფორმულირებით, უკვე დოკუმენტირებულია გზავნილი, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენლისგან ივნისიდან მოყოლებული ისმის - დღეის მდგომარეობით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.

სამიტის ტექსტში კიდევ ერთხელაა გაკრიტიკებული მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ნათქვამია:

„[ევროპული საბჭო] იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რასაც ევროკავშირი ეფუძნება“.

დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველო ახსენა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.

„გამოვხატეთ ჩვენი წუხილი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, სადაც მთავრობის მიერ კურსიდან გადახვევას გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერებამდე მივყავართ“, - თქვა მაკრონმა.

ახალი ჩანაწერი

საქართველოს შესახებ ევროპული საბჭოს დოკუმენტში ახალი აქცენტია შემოტანილი მედიის დამოუკიდებლობის სახით. ტექსტში ევროპული საბჭო ”ხაზს უსვამს დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას“.

18 ოქტომბერს ამაზე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმაც.

საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ გამართული ღონისძიების გახსნით სიტყვაში ჰერჩინსკიმ „შემაშფოთებელი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროპულმა საბჭომ საჭიროდ ჩათვალა, სამიტის შემაჯამებელ სიტყვაში თავისუფალი და პლურალური მედიის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

საქართველო გზაჯვარედინზე

ევროპელი ლიდერები ახლა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ელოდებიან. ისინი ხაზს უსვამენ, რომ საქართველო გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას და სასწორზე ქვეყნის ევროპული მომავალია.

“თუ [ქართველი ხალხი] იგივე სტატუს-კვოს შეინარჩუნებს, რაც ახლაა, არ მგონია, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინსვლის და წარმატების შანსი ჰქონდეს. თუ ასე არ იქნება და პროევროპული ძალები გამარჯვებას მიაღწევენ, მაშინ შეგვიძლია, სხვა გზას ველოდოთ და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით”, - თქვა მედიასთან ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ 17 ოქტომბერს, სამიტის დაწყებისას.

მსგავსი გზავნილი ჰქონდა ჯოზეფ ბორელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში:

„საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა აშკარაა. შემდეგი არჩევნები ჭეშმარიტების მომენტი იქნება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზით სურთ წასვლა - ევროპისკენ, თუ მისგან მოშორებით. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის კიდევ უფრო მეტად. სასწორზე ქვეყნის მომავალია”.

ევროპული საბჭოს სამიტზე არ ყოფილა საუბარი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ზომების შესახებ.

ოქტომბრის დასაწყისში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში გამოაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან უმაღლესი დონის შეხვედრებს წყვეტდა.

რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოს უჩერებდა 121 მილიონი ევროს (360 მილიონი ლარი) ღირებულების დახმარებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს ოდენობით მხარდაჭერის შეწყვეტა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან, რაც ივლისში გამოცხადდა.

ეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირი ზრდის როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ფინანსურ დახმარებას, 20 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოლდოვაში ჩასულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა კი მოლდოვას 1,8 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება აღუთქვა.

ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტის თანახმად, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" ივნისში ნახა, ევროკავშირს კიდევ რამდენიმე ზომა აქვს მომზადებული, რომლებიც საქართველოში ვითარების გაუარესების შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს.

მათ შორისაა პირადი სანქციების დაწესება ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართული პირებისთვის და სავიზო რეჟიმის დაწესება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასაც განიხილავს, თუმცა ეს უკიდურესი ზომა იქნება.

ამასთან დაკავშირებით 18 ოქტომბერს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც ილაპარაკა.

"ველოდებით არჩევნების დღეს. ვნახავთ, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები", - თქვა დიპლომატმა.

ჰერჩინსკის განცხადებით, იმედი აქვს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება.

"თუ ასე არ მოხდა, მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებულ სხვა მეთოდებს მივმართოთ. ეს მუქარა არაა, ეს უბრალოდ რეალობაა", - უთხრა მედიას პაველ ჰარჩინსკიმ.

მან განმარტა, რომ სანქციების შემოღება შეიძლება, შედარებით რთული აღმოჩნდეს, რადგან ევროკავშირის კანონმდებლობით, ასეთ ზომას ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.

"მაგრამ ეს არ ეხება, მაგალითად, უვიზო რეჟიმის შეჩერებას", - დასძინა ევროკავშირის ელჩმა.

ევროკომისია 30 ოქტომბერს, ანუ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხ დღეში წარმოადგენს გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც იმაზეც იქნება საუბარი, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვიზა ლიბერალიზაციით ნაკისრ ვალდებულებებს.

მათ შორისაა ადამიანის უფლებების ნაწილი. სწორედ ამის საფუძველზე მოითხოვა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადახედვა ევროპარლამენტმა 9 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციით, თუმცა ევროპარლამენტის რეზოლუციას სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG