ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ევროკომისიას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმებისკენ, წევრ სახელმწიფოებს კი - ბიძინა ივანიშვილის დაუყოვნებლივი სანქცირებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციას, რომლის აღსრულებაც არაა სავალდებულო, მხარი დაუჭირა 495-მა ევროპარლამენტარმა, მის წინააღმდეგ ხმა მისცა 73-მა, ხოლო 86-მა ევროდეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
კრიტიკული ტექსტი ერთობლივად წარადგინეს და მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტის ძირითადმა ჯგუფებმა. ეს ჯგუფებია:
- ევროპის სახალხო პარტია;
- სოციალ-დემოკრატები;
- ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები;
- ლიბერალები (RENEW);
- მწვანეები (Greens/EFA).
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი განმეორებით მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს არა მხოლოდ ე.წ. „აგენტების კანონის“, არამედ „ოჯახური ღირებულებების კანონმდებლობისა“ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის "დემოკრატიულ პარტნიორებს" ხელახლა მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილს "დაუწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პირადი სანქციები", საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის გაუარესების გამო.
დღევანდელ კენჭისყრას წინ უსწრებდა დებატები, რომლის დროსაც ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლების ნაიჯები გააკრიტიკეს "ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის გამო". მათ ხაზი გაუსვეს ე.წ. "აგენტებისა" და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონების მიღებას, ისევე როგორც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილებას.
ევროპარლამენტი „წუხს, რომ საქართველოში, რომელიც ოდესღაც დემოკრატიული პროგრესისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო, საკმაოდ დიდი ხანია, დემოკრატია თავისუფალ ვარდნაშია“.
ევროპარლამენტის რეზოლუციას სამართლებრივი ძალა არ აქვს და სიმბოლური ხასიათისაა. ევროპარლამენტის როლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმოებაში შეზღუდულია.
მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტის კრიტიკულმა ტექსტებმა ბიძინა ივანიშვილს სამართლებრივი პრობლემები უკვე შეუქმნა - 2022 და 2023 წლებში მიღებული რეზოლუციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავაში გამოიყენა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რეზოლუციას ანტიქართულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში „თავხედური ჩარევაა“.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამავე შინაარსის იყო რეზოლუცია, რომელსაც ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დაუჭირა მხარი, ახლა კი დოკუმენტი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მოამზადეს.
„არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვხედავთ, რომ ჩვენი რადიკალური, გაკოტრებული ოპოზიციის მხარდამჭერი, მფარველი ლობისტები ამზადებენ ანალოგიური შინაარსის, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ რეზოლუციას, რომელიც, რა თქმა უნდა, მორიგი დემონსტრირებაა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედური ჩარევის. მე ამას დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას. რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ასეთი უხეში, თავხედური ჩარევა ხდება საარჩევნო პროცესებში, მანიპულაცია და ზეგავლენის მოხდენის მცდელობა ხალხზე, ამომრჩეველზე?“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.