ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი ჟურნალისტი


22 ოქტომბრის საღამოს საქართველოშიჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი არ შემოუშვეს - მან X-ზე (ყოფილი "ტვიტერი") ამის შესახებ თავად დაწერა. ამ პოსტში რეი წერდა, რომ საღამოს 8-ის ნახევრისთვის მას საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ყველანაირი დასაბუთების გარეშე და დახმარებას ითხოვდა. დოკუმენტში, რომელიც მან გამოაქვეყნა, უარის მიზეზად მითითებულია პუნქტი: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.”

რეი ამბობს, რომ ამის შემდეგ საქართველოში მყოფ მეგობრებს მისწერა, რომ მესაზღვრეები ტელეფონსაც ართმევდნენ. ამის შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა. მისმა მეგობარმა მარია კაპლინამ გვიან ღამით პრაღიდან დაწერა X-ზე, რომ რეის ჩამოართვეს ყველა პირადი ნივთი. მეგობრებისა და ახლობლებისთვის უცნობია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი - მედიის, მათ შორის არც "რადიო თავისუფლების" კითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს. საზღვრის კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანო სწორედ ისაა.

ჩეხი ჟურნალისტთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, რომელიც თბილისის აეროპორტში რამდენიმე საათია ცდილობს მის მონახულებას და ინფორმაციის მიღებას მისი მდგომარეობის შესახებ. თუთბერიძე "რადიო თავისუფლებას" ეუბნება, რომ ჩეხი ჟურნალისტი ამ დროისთვის ნამდვილად იმყოფება საქართველოს აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში პირადი ნივთების და ახლობლებთან კომუნიკაციის უფლების გარეშე, სადაც მას სავარაუდოდ 26 ოქტომბრამდე დატოვებენ. ამ დღესაა დაგეგმილი პირდაპირი რეისი თბილისი-პრაღა, რომელზეც უკან დასაბრუნებელი ბილეთი აქვს ჟურნალისტს ნაყიდი.

23 წლის რეი ბეისლი ევროკავშირის მოქალაქეა. ის არაერთხელ იმყოფებოდა როგორც უკრაინაში, ისე - საქართველოში. ბოლოს ის საქართველოში ხანგრძლივად იყო ჩამოსული 2024 წლის გაზაფხულზე, ე.წ. “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს.

ევროკავშირის მოქალაქის საქართველოში არშემოშვების ფაქტზე ინფორმირებულია ჩეხეთის საელჩოც - როგორც საელჩოში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, ამ დროისთვის არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია რეის ადგილსამყოფელზე, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის კვლავ თბილისის აეროპორტში უნდა იყოს შეყოვნებული და აქვთ ეჭვი, რომ მისი საზღვარზე არშემოშვება შეიძლება დაკავშირებული იყოს 2024 წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციებში ჟურნალისტის სტატუსით მონაწილეობასთან.

ჩეხეთის საელჩოში ამბობენ, რომ რეი ბეისლის შემთხვევა პირველია, როცა ჩეხ ჟურნალისტს არ მიეცა საქართველოში შემოსვლის უფლება, მაგრამ იხსენებენ ფაქტს, როცა საქართველოს საზღვრიდან ასევე უკან გააბრუნეს დანიელი ჟურნალისტი.

საქართველოში შემოსვლის პრობლემებზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხშირად საუბრობდნენ რუსი და ბელარუსი ჟურნალისტები. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ჟურნალისტების საზღვრიდან გაბრუნების თაობაზე ცნობები საჯაროდ გავრცელებული არ ყოფილა.

რეი ბეისლის საქართველოში არშემოშვების ფაქტს ეხმაურება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლად შემოუშვას ჟურნალისტი საქართველოში, რაღა მან პროფესიული მოვალეობის შესრულება შეძლოს.

"საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანზაციების შეფასებებშიც აირეკლება" - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ქარტიისავე ინფორმაციით, მხოლოდ სექტემბერში მსგავსი საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი მიიღო ორმა უცხოელმა ჟურნალისტმა.

  • 16 სექტემბერს ქუთაისის აეროპორტიდან პოლონეთში გააბრუნეს საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა, რომელიც არასრულწლოვან შვილთან ერთად ბრუნდებოდა საქართველოში.
  • 17 სექტემბერს საქართველოში არ შემოუშვეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი რედაქტორი არსენ ხარატიანი, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა, საიდანაც სომხეთში უნდა წასულიყო. ხარატიანი მაშინ სტამბოლში გააბრუნეს, საიდანაც კვლავ ლუქსემბურგში მოუხდა წასვლა.
XS
SM
MD
LG