"საერთაშორისო ამნისტია" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეაჩეროს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ექსტრადირება. ჟურნალისტი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს და ის დეპორტაციის ცენტრშია მოთავსებული.
5 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში საერთაშორისო ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს. სადიგოვს და მისი ოჯახის წევრების დაცვა კი უზრუნველყოს.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, Azel.tv-ის მთავარ რედაქტორს 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. აზერბაიჯანელი უფლებადამცველები მას ჟურნალისტური საქმიანობისთვის დევნილად და პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.
"უეჭველია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება მას ადამიანის უფლებების შელახვის სერიოზული რისკის ქვეშ დააყენებს. მათ შორის წამების, შერჩევითი დაპატიმრების და უსამართლო სასამართლოსი",- ამბობს კრივოშეევი და დასძენს, რომ სადიგოვის წინააღმდეგ საქმე აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის აღმოფხვრის მცდელობის მხოლოდ გაგრძელებაა.
"საერთაშორისო ამნისტიამ" ასევე მოუწოდა ბაქოს, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მისი მთავრობის მოწინააღმდეგეებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ორგანიზაცია მოითხოვს მათ გათავისუფლებას, ვინც "მხოლოდ იმიტომაა დაკავებული, რომ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდა".
სადიგოვი ბაქოში 2016 წლის შემდეგ რამდენჯერმე დააკავეს და ჟურნალისტური საქმიანობის გამო ციხეში წელიწადზე მეტი უკვე გატარებული აქვს. 2020 წლის მაისში მას გამოძალვის ბრალდებით 7 წელი მიუსაჯეს. ის ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
"ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი" მაშინ მის გათავისუფლებას მოითხოვდა და ამბობდა, რომ ბრალი "შეთითხნილი" იყო.
მოგვიანებით, სადიგოვი შეიწყალეს და 2023 წლის მაისში გაათავისუფლეს, თუმცა მისი მხარდამჭერების თქმით, ის კვლავ მთავრობის სამიზნე გახდა. 2023 წლის დეკემბერში კი ის საქართველოში გაემგზავრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის წარმომადგენლებმაც ის 3 აგვისტოს დააკევს, თქვეს, რომ ის აზერბაიჯანში გამოძალვისა და მუქარის ბრალდებით იძებნება. სადიგოვი ამბობს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს გასულ თვეში საქართველოდან თურქეთში გამგზავრების უფლებაც არ მისცეს.
აფგან სადიგოვის საქმემ ბევრს 2017 წლის, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე გაახსენა. აფგან მუხთარლი მაშინ თბილისიდან გაუჩინარდა და აზერბაიჯანის საპატიმროში აღმოჩნდა - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.
აზერბაიჯანში მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 2020 წელს კი მოულოდნელად გაათავისუფლეს. აფგან მუხთარლი ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. მუხთარლი დარწმუნებულია, რომ ექსტრადიციის შემდეგ სადიგოვს ბაქოში დააკავებენ.