ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის "უპრეცედენტო ჩარევის" ფონზე მოლდოვაში არჩევნები და რეფერენდუმი გაიმართა


მოლდოველებს სურთ ევროინტეგრაცია - 20 ოქტომბერს ჩატარებულ რეფერენდუმი, რომელიც რუსეთის „უპრეცედენტო ჩარევის" ფონზე წარიმართა, მოლდოველმა ხალხმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ახალი მუხლის ჩამატებას, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ევროკავშირში წევრობას.

ეს იმ ვითარებაში, როცა მოლდოვის ხელისუფლება ამბობს, რომ კრემლმა და მისგან მართულმა ჯგუფებმა ყველა შესაძლო რესურსი გამოიყენეს, რეფერენდუმში საპირისპირო შედეგის დასადგომად. კრემლი მოლდოვის ევროინტეგრაციის ხელშეშლაში დაადანაშაულა ბრიუსელმაც.

„ეს კენჭისყრა ჩატარდა რუსეთისა და მისი მარიონეტების უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების ქვეშ, რომლის მიზანი იყო მოლდოვის რესპუბლიკაში დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაცია“, - ამბობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანო.

რეფერენდუმის შედეგები
რეფერენდუმის შედეგები

კიშინოვისა და ბრიუსელის ბრალდებებს მოსკოვში უარყოფენ. რეფერენდუმის შედეგების ხმის დათვლის პროცესი ამ დრომდე გრძელდება და სულ, ამ დროისთვის, 1%-ზე ნაკლები ხმა არის დასათვლელი და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ ხმებმა რეფერენდუმის შედეგები შეცვალოს.

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ ამბობს, რომ არსებობს „მკაფიო მტკიცებულება“, რომ კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც მუშაობდნენ „ჩვენი ეროვნული ინტერესებისადმი მტრულად განწყობილ უცხო ძალებთან“, ერთად ცდილობდნენ 300 000 ხმის მოსყიდვას. სანდუ ამას „უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობას“ უწოდებს და ამბობს, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ამ ქმედებაზე „მტკიცე“ საპასუხო რეაქცია ექნება.

„კრიმინალური ჯგუფები თავს დაესხნენ ჩვენს ქვეყანას, ათეულობით მილიონი ევროთი, პროპაგანდით, ყველაზე სამარცხვინო საშუალებების გამოყენებით, რათა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ერი გაურკვევლობაში და არასტაბილურობაში ჩაფლონ“, - თქვა სანდუმ. 20 ოქტომბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართა.

დათვლილია ხმების უმეტესი ნაწილი და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვერცერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმის დაგროვება ვერ შეძლო. შედეგად, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, 3 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ და მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანგოლო მიიღებენ. სანდუმ პირველ ტურში ხმების 42% მიიღო, სტოიანგოლომ 26%.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები

ანალიტიკოსები თვლიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუ გამარჯვებას მოიპოვებს, თუმცა მათი თქმით, რეფერენდუმის შედეგებმა, შესაძლოა, სანდუს მაჩვენებლებზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

მოლდოვაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინასთან ერთად წინ მიიწევს და 2030 წლისთვის გეგმავს გაწევრიანების პროცესის დასრულებას, საპარლამენტო არჩევნები 2025 წელს გაიმართება. ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საპარლამენტო არჩევნები მაია სანდუს პარტიისთვის გაცილებით რთული იქნება. იმ შემთხვევაში თუ სანდუ პრეზიდენტის პოსტს მომდევნო 4 წლით შეინარჩუნებს, მას საპარლამენტო გუნდის მხარდაჭერაც დაჭირდება, რათა მოლდოვამ შეძლოს რეფორმების დროული გატარება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG