ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ადრეულ არჩევნებზე ზოგან უკვე გრძელი რიგებია


ხმის მიმცემთა რიგი ჩრდილოეთ კაროლინის შტატში. ქ. მარიონი, აშშ. 17 ოქტომბერი, 2024 წ.
ხმის მიმცემთა რიგი ჩრდილოეთ კაროლინის შტატში. ქ. მარიონი, აშშ. 17 ოქტომბერი, 2024 წ.

შეერთებულ შტატებში ნაადრევი კენჭისყრა სხვადასხვა შტატში განსხვავებულ დროს იწყება. ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, საარჩევნო უბნები გაიხსნა სტიქიით დაზარალებულ ჩრდილოეთ კაროლინაში, რომელიც წელს ერთ-ერთ გადამწყვეტ, ე.წ. მერყევ შტატად მიიჩნევა. გახსნისთანავე, ბევრ უბანზე ამომრჩეველთა გრძელი რიგი დადგა.

ჩრდილოეთ კაროლინის ბევრ საგრაფოში ქარიშხალ "ჰელენის" შემდეგ, ელექტროენერგია არ აქვთ და ახლახან მომხდარი წყალდიდობების გამო, ზოგან წყლის მიწოდებაც შეფერხებულია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა შტატის მთიან რეგიონებში.

უამრავი პრობლემის მიუხედავად, ასივე საგრაფოში 400-ზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, - განაცხადა შტატის საარჩევნო კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა კარენ ბრინსონ ბელმა. თუმცა, აქედან 25 საგრაფოში ჯერჯერობით ვერ ფუნქციონირებს დაახლოებით 80 უბანი, რომლებიც შტატის დასავლეთში მდებარეობს. ეს ტერიტორია გრიგალმა და წყალდიდობამ ყველაზე მეტად დააზიანა.

ქარიშხალ "ჰელენს" შეერთებულ შტატებში 246 ადამიანი შეეწირა. აქედან ნახევარზე ოდნავ მეტი სწორედ ჩრდილოეთ კაროლინაში დაიღუპა. ქარიშხალი ქვეყნისთვის მეორე ყველაზე მსხვერპლიანი აღმოჩნდა ცნობილი "კატრინას" შემდეგ, რომელიც შეერთებულ შტატებს 2005 წელს დაატყდა თავს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩრდილოეთ კაროლინელმა ამომრჩეველმა ხმის მიცემამდე ფოტოს შემცველი პირადობის მოწმობა უნდა წარმოადგინოს. მათთვის, ვინც ქარიშხლის გამო საბუთი დაკარგა, გამონაკლისის სახით, საგანგებოდ შექმნილი ფორმა გამზადდა, რომელიც წინასწარ უნდა შეივსოს.

ჩრდილოეთ კაროლინაში ადრეული არჩევნები ძალზე პოპულარულია. ის წელს 17 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. წინა არჩევნებზე, 2020 წელს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ნაადრევ არჩევნებში ამომრჩეველთა 65%-მა მიიღო მონაწილეობა. კიდევ უფრო ადრე, 2016 წელს კი ნაადრევად ხმა ელექტორატის 62%-მა მისცა. საყოველთაო არჩევნები შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერსაა დანიშნული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG