ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა უარი თქვა გადაცემა "60 წუთისთვის" წინასაარჩევნოდ ინტერვიუს მიცემაზე


ტელეკომანია "სი-ბი-ესმა" ცოტა ხნის გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა უარი თქვა წინასაარჩევნოდ ინტერვიუ მიეცა გადაცემა "60 წუთისთვის". ტელეკომპანიას უარი არ მიუღია ტრამპის ოპონენტის, კამალა ჰარისისგან, ამიტომ მომდევნო ორშაბათს ეთერში მხოლოდ ჰარისის ინტერვიუ გავა.

ტელეკომპანია, როგორც წესი, წინასაარჩევნოდ, ორივე კანდიდატთან წერს ინტერვიუს და მათ ეთერში ერთმანეთის მიყოლებით უშვებს. თუმცა, წელს მისი მაყურებელი მხოლოდ ერთი ინტერვიუს ნახავს.

"სი-ბი-ეს"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის თხოვნაზე, ტრამპის კამპანიის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა თქვა, რომ ეს "ყალბი ინფორმაციაა" და დასძინა, რომ იყო გარკვეული განხილვები, თუმცა უარი არაფერზე უთქვამთ.

"60 წუთში" ამბობენ, რომ ტრამპის კამპანია ინტერვიუზე თავიდან დათანხმდა, თუმცა შემდეგ აზრი შეიცვალეს. "სი-ბი-ესში" ამბობენ, რომ ინტერვიუს შეთავაზება კვლავ ძალაშია.

ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი "სი-ბი-ესთან" საუბარზე უარს არ ამბობს და მისი წინასწარ ჩაწერილი ინტერვიუ ჟურნალისტ ბილ ვაითაკერთან ეთერში ორშაბათს გავა.

ამ დროისთვის არ არსებობს სხვა დაგეგმილი ღონისძიება, სადაც ამომრჩევლებს კანდიდატების ერთად შეფასება და შედარება შეუძლიათ. ტრამპი და ჰარისი პირველ და უკანასკნელ საპრეზიდენტო დებატებში ერთმანეთს ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ეთერში, 10 სექტემბერს დაუპირისპირდნენ. მეორე დებატებზე მოწვევა ორივე კანდიდატმა მიიღო. ჰარისის კამპანია თანახმა იყო, თუმცა ტრამპს დებატებზე საბოლოო თანხმობა არ უთქვამს.

XS
SM
MD
LG