ამერიკის ვიცე-პრეზიდენის, კამალა ჰარისის სამედიცინო დასკვნას მისი პირადი ექიმი აქვეყნებს და ამბობს, რომ ის "შესანიშნავად ჯანმრთელია". გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე საუბარია ჰარისის შესანიშნავ ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, რომელიც არჩევის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს უხელმძღვანელებს.
ჯოშუა სიმსონი, რომელიც ამერიკის არმიის პოლკოვნიკი და კამალა ჰარისის პირადი ექიმია, გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერს, რომ 59 წლის ჰარისი ინარჩუნებს ცხოვრების ჯანსაღ, აქტიურ წესს. სიმსონი ორგვერდიან წერილში განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა კამალა ჰარისს აძლევს საშუალებას, იყოს სახელმწიფოს მეთაური და მთავარსარდალი.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კამალა ჰარისს აქვს ალერგიისა და ჭინჭრის ციების ისტორია, რის გამოც ჰარისი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, იმუნოთერაპიის კურსს გადიოდა. გარდა ამისა, სამედიცინო დასკვნით ცნობილი ხდება, რომ ამერიკის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი იყენებს მხედველობისთვის საჭირო კონტაქტურ ლინზებს. რაც შეეხება ოჯახის სამედიცინო ისტორიას, ჰარისის დედის მხრიდან გამოვლენილია მსხვილი ნაწლავის კიბო, რის გამოც კამალა ჰარისი კოლონოსკოპიას და ყოველწლიურ მამოგრაფიას იტარებს.
ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამ დროისთვის, მცირე ინფორმაციაა ცნობილი. ჰარისის კამპანია იმედოვნებს, რომ ამ მომენტს გამოიყენებს აჩვენოს კონტრასტი რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან, რომელიც, მისი ჯანმრთელობის შესახებ, წლების განმავლობაში მხოლოდ შეზღუდულ ინფორმაციას აქვეყნებდა, ამბობს კამპანიის თანაშემწე, რომელმაც განსახილველად სენსიტიურ საკითხზე ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
ტრამპმა ძალიან ცოტა ინფორმაცია გაავრცელა თავისი ჯანმრთელობის შესახებ, მათ შორის მას შემდეგ, რაც ივლისში მკვლელობის მცდელობის დროს, ყურის არეში ტყვიით დაშავდა.
Facebook Forum