ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლო 2 კვირაში ტრამპ-ჰარისის ორთაბრძოლა, ძირითადად, 7 მერყევ შტატში გრძელდება


აშშ-ის რესპუბლიკელთა კანდიდატი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ამერიკელ დემოკრატთა კანდიდატი კამალა ჰარისი ABC-ის საპრეზიდენტო ტელედებატებზე ქ. ფილადელფიაში, აშშ. 10 სექტემბერი, 2024წ.
აშშ-ის რესპუბლიკელთა კანდიდატი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ამერიკელ დემოკრატთა კანდიდატი კამალა ჰარისი ABC-ის საპრეზიდენტო ტელედებატებზე ქ. ფილადელფიაში, აშშ. 10 სექტემბერი, 2024წ.

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონი კულმინაციურ მომენტს უახლოვდება. ამერიკაში, 5 ნოემბრის, არჩევნების ბოლო დღემდე სულ ორი კვირა რჩება.

ნაადრევი კენჭისყრა თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე უკვე დაწყებულია და ბევრგან ამომრჩეველთა გრძელი რიგები დგას. ადრეულ არჩევნებში დაახლოებით 15 მილიონამდე ამერიკელმა უკვე მიიღო მონაწილეობა - ნაწილმა ხმა უბანზე მისვლით მისცა, ზოგმა კი ბიულეტენი ფოსტის საშუალებით გააგზავნა.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი რესპუბლიკელი ოპონენტი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბოლო ეტაპზე, ყურადღებას უმეტესად 7 მერყევ შტატზე ამახვილებენ. სწორედ ამ შტატებში, შესაძლოა, ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ბედი გადაწყდეს. წლევანდელ საარჩევნო ციკლში ესენია: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, უისკონსინი და პენსილვანია.

საპრეზიდენტო კამპანია

უქმეებზე ჰარისი ჯორჯიის შტატში იმყოფებოდა. კვირას, 20 ოქტომბერს ის 60 წლის გახდა. დაბადების დღეზე ჰარისმა სიტყვით ატლანტიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე ქ. სტოუნკრესტის ეკლესიის მრევლს მიმართა. ვიცე-პრეზიდენტმა შეკრებილებს, ბავშვობაში, შავკანიანთა ეკლესიაში სიარულის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

კვირადღე ტრამპმა პენსილვანიის შტატში გაატარა. ის ადგილობრივ "მაკდონალდსში" მივიდა, მომსახურე პერსონალის წინსაფარი მოირგო და მანქანის რიგში მდგარ მომხმარებლებს შემწვარ კარტოფილს აწვდიდა. ამის შემდეგ, ის ქალაქ ლანკასტერში ამომრჩევლებთან შეხვედრას დაესწრო.

მიმდინარე კვირაში ტრამპი ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ გრინვილს ეწვევა. კამალა ჰარისის განრიგში კი პენსილვანიის, მიჩიგანის და უისკონსინის დასახლებებია.

გამოკითხვები

ტრამპისა და ჰარისის რეიტინგები, გადამწყვეტ შვიდ შტატში, ერთმანეთთან ძალზე ახლოსაა. ერთეულ შტატებში მათი მცირე უპირატესობა, უმეტესად, კვლევებში ცდომილების ზღვრის ფარგლებშია მოქცეული. შესაბამისად, დემოკრატთა და რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინანტები, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებთან - რესპუბლიკელ სენატორ ჯეი-დი ვენსთან და მინესოტის დემოკრატ გუბერნატორ ტიმ უოლცთან ერთად, საარჩევნო კამპანიების ბოლო ორ კვირას, ძირითადად, სწორედ მერყევ შტატებში მართავენ.

რაც შეეხება ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, ჰარისი ტრამპთან მხოლოდ მცირე უპირატესობას ფლობს. ამ ეტაპზე, ყველა ნიშანია იმის, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო კენჭისყრა შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო და კონკურენტული იქნება, რაც კი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყოფილა.

არჩევნების წესები

ამერიკაში პრეზიდენტის ბედს ამომრჩეველთა შორის ხმათა უმრავლესობა არ წყვეტს. შეერთებულ შტატებში გამარჯვებულს თითოეული შტატის ელექტორალური კოლეგია ავლენს. ყოველ შტატს ელექტორების განსაზღვრული კვოტა აქვს მინიჭებული. 50-დან, 48 შტატი ელექტორების ყველა ხმას შტატის გამარჯვებულ კანდიდატს ანიჭებს მაშინ, როცა ნებრასკის და მეინის შტატებში ითვლიან ორივეს - შტატისა და საკონგრესო უბნის ხმებს.

შტატებში ელექტორების რიცხვს მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრავს. შესაბამისად, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატებს საბოლოო შედეგზე მეტი გავლენა აქვს. პრეზიდენტს გამარჯვებისთვის ელექტორთა 538 ხმიდან, 270 ესაჭიროება. ტრადიციის მიხედვით, გამარჯვებული პარტიის წარმომადგენელი თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტს 2025 წლის 20 იანვარს დანიშნული ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ დაიკავებს, სადაც ის საპრეზიდენტო ფიცს საჯაროდ დადებს.

ხმების გადათვლა

ორ პარტიას შორის ელექტორატის ასე თანაბრად გაყოფამ, წელს შესაძლოა ზოგ უბანზე ხმების ხელმეორედ გადათვლის საჭიროება შექმნას. თუმცა, სპეციალისტები "ამერიკის ხმას" ეუბნებიან, რომ გადათვლა გამარჯვებულის ვინაობას, როგორც წესი, არ ცვლის.

"ელექტრონული ხმის დათვლის მოწყობილობა ძალიან კარგად მუშაობს და ის საკმარისად ზუსტია", - ამბობს თამი პატრიკი, არიზონის საარჩევნო კომიტეტის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენელი. ის ახლა საარჩევნო ოფიციალურ პირთა ეროვნულ ასოციაციაში მუშაობს.

2000 წლის არჩევნებზე, გახმაურებული ხმების გადათვლის შემდეგ, როცა რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის გამარჯვება კიდევ ერთხელ დადასტურდა, ამერიკის საყოველთაო არჩევნებზე გადათვლა სულ 36-ჯერ მოხდა. ამ ხელახალი დათვლის შემდეგ, გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ 3 შემთხვევაში შეიცვალა და მაშინაც განსხვავება რამდენიმე ასეულ მოქალაქეს შეადგენდა და არა ათასებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG