ირანი უარყოფს ყველანაირ კავშირს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის თაობაზე რაიმე შეთქმულებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ამერიკულმა მედიასაშუალებებმა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ირანი, რამდენიმე კვირით ადრე, ყოფილი პრეზიდენტის მოსაკლავად შეთქმულებას აწყობდა. ეს ინფორმაცია კი ამერიკის დაზვერვის სამსახურებმა ოფიციალურ პირებს მიაწოდეს. თუმცა, მედიავე ირწმუნება, რომ მათი წყაროების ცნობით, 13 ივლისს მომხდარ თავდასხმასთან ირანს სავარაუდოდ კავშირი არ ჰქონია.
16 ივლისს, გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ნასარ კანანი ამბობს, რომ თეირანი არ იყო ჩართული 13 ივლისს მომხდარ მკვლელობის მცდელობაში და რომ ყველა ამგვარი ბრალდება "პოლიტიკურადაა მოტივირებული".
"ირანის ისლამურ რესპუბლიკას გადაწყვეტილი აქვს გაასამართლოს ტრამპი იმ პირდაპირი როლისთვის, რაც მას გენერალ ყასიმ სოლეიმანის მკვლელობის დანაშაულში მიუძღვის", - თქვა კანანიმ.
სოლეიმანი, "ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის" ყოფილი მეთაური 2020 წლის იანვარში ამერიკული საჰაერო იერიშის შედეგად, დონალდ ტრამპის ბრძანებით მოკლეს. ირანი გამუდმებით იმეორებს, რომ ამ ქმედებაზე შურს იძიებს.
კანანის განცხადებამდე ამ თემაზე კომენტარი გააკეთა გაეროში ირანის მისიამაც და თქვა, რომ თეირანის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები "უსაფუძვლო და მიკერძოებულია" და რომ დონალდ ტრამპის პასუხისმგელობის დასაყენებლად ისინი სამართლებრივ გზას ირჩევენ.
ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია ამერიკის რამდენიმე ოფიციალურ პირს, ვინც მათი აზრით, სოლეიმანის მკვლელობის გადაწყვეტილებაში იყო ჩართული, ღიად ემუქრებიან. მათ შორის არიან პრეზიდენტ ტრამპის მაშინდელი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. 2022 წლის აგვისტოში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მან ირანის რევოლუციური გვარდიის წევრს ბრალი ბოლტონის მკვლელობის შეთქმულებისთვის წაუყენა. იმავე წლის დასაწყისში კი ამერიკის მთავრობამ მაიკ პომპეოს დაცვა გაუძლიერა და ამის მიზეზად ირანისგან გამუდმებული მუქარა დასახელდა.