ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯეი დი ვენსმა ერთ დროს ტრამპი ჰიტლერს შეადარა, ახლა ისინი არჩევნებში ერთად მონაწილეობენ


რვა წლის წინ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჯეი დი ვენსი დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკოსი იყო.

მან რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატს საჯაროდ „იდიოტი“ უწოდა და თქვა, რომ ის „დასაგმობი“ იყო. კერძო საუბარში მან ის ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

მაგრამ იმ მომენტისთვის, როდესაც ყოფილმა პრეზიდენტმა ვენსი არჩევნებში თავის პარტნიორად დაასახელა, ოჰაიოს მკვიდრი უკვე ტრამპის ყველაზე გულმხურვალე დამცველი იყო და მის გვერდზე იდგა იმ დროსაც კი, როდესაც სხვა მაღალი დონის რესპუბლიკელებმა ამაზე უარი განაცხადეს.

ჯეიმს დეივიდ ვენსის გარდაქმნა თვითგამოცხადებული „არასდროს ტრამპიდან“ ურყევ ლოიალისტამდე, მას ტრამპის უახლოეს წრეში შედარებით უჩვეულო ფიგურად წარმოაჩენს.

დემოკრატები და ზოგიერთი რესპუბლიკელიც სვამს კითხვას, ვენსს იდეოლოგია უფრო ამოძრავებს თუ ოპორტუნიზმი, მაგრამ ტრამპი, რომელიც შაბათს პენსილვანიაში საკამპანიო შეხვედრის დროს მისი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა და მისი ბევრი მრჩეველი ფიქრობს, რომ ვენსის გარდაქმნა გულწრფელია.

ისინი მიანიშნებენ, რომ ვენსის პოლიტიკური მრწამსი, რაც იზოლაციონიზმის და ეკონომიკური პოპულიზმის ნაზავს წარმოადგენს, ტრამპის მრწამსს ზუსტად ერგება და ორივე წინააღმდეგობაში მოდის რესპუბლიკური პარტიის ძველ გვარდიასთან, სადაც საგარეო პოლიტიკის „ქორებს“ და თავისუფალი ბაზრის „ევანგელისტებს“ჯერ კიდევ გავლენა გააჩნიათ.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ ბარასომ ვაიომინგიდან, რომელსაც ვენსი თავის მენტორს უწოდებს, სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ ვენსმა ტრამპზე შეხედულება იმიტომ შეიცვალა რომ „დაინახა წარმატებები რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც პრეზიდენტმა, ქვეყანას მოუტანა“.

რუსეთთან ომში უკრაინისადმი ამერიკის დახმარების მიმართ ვენსის ხმამაღალი წინააღმდეგობა, ტრამპის ყველაზე კონსერვატიულ მოკავშირეებში მოწონებას იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ ამან სენატში ზოგიერთი კოლეგის აღელვება გამოიწვია.

39 წლის ვენსი სამხრეთ ოჰაიოში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. შესაძლოა მისი შერჩევა დაეხმაროს ტრამპის კამპანიის გაძლიერებას ზოგიერთ მერყევ შტატში, მათ შორის პენსილვანიაში და მიჩიგანში, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონსერვატიული შეხედულებები შესაძლოა ზომიერი ამომრჩევლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს.

ვენსი მსახურობდა საზღვაო ქვეითთა კორპუსში, სწავლობდა ელიტარულ იელის იურიდიულ სკოლაში და სან-ფრანცისკოში მაღალი პოტენციალის მქონე კომპანიების ინვესტორად მუშაობდა.

მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ვენსმა თქვა, რომ ტრამპზე მისი შეხედულების შეცვლა მყისიერად არ მომხდარა. მან თანდათან გაიაზრა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მისი ადრინდელი დაპირისპირება უფრო სტილზე იყო დაფუძნებული, ვიდრე შინაარსზე.

XS
SM
MD
LG