ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში დაკავებული ამერიკელი პატიმრები


ოთხშაბათს, 26 ივნისს, რუსეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის სასამართლო პროცესი იწყება. ის მხოლოდ ერთია შეერთებული შტატების ათზე მეტ მოქალაქეს შორის, რომლებიც სასჯელს რუსეთის ციხეებში იხდიან, ნაწილი კი წინასწარაა დაკავებული და სასამართლო პროცესს ელოდება. რამდენიმე მათგანის საქმე საკმაოდ გახმაურებულია.

ევან გერშკოვიჩი

რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლებენ, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი ქალაქ ეკატერინბურგში გაიმართება, სადაც 2023 წელს, მივლინებაში მყოფი გერშკოვიჩი დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ გერშკოვიჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იყო აკრედიტებული ჟურნალისტად მუშაობაზე, მოსკოვის ცნობილ ლეფორტოვოს ციხეში მან წელიწადზე მეტი გაატარა.

გერშკოვიჩმა, მისმა დამსაქმებელმა “უოლ-სტრიტ ჯორნალმა” და შეერთებული შტატების მთავრობამ კატეგორიულად უარყვეს მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები. შეერთებული შტატების მთავრობამ განაცხადა, რომ ის "უსაფუძვლოდ დააპატიმრეს”.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ თვეში გერშკოვიჩთან დაკავშირებით თქვა, რომ ვაშინგტონი "ენერგიულ ნაბიჯებს" დგამს, მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. პუტინის განცხადებით, მიმდინარე მოლაპარაკებები მედიისგან შორს უნდა წარიმართოს.

32 წლის გერშკოვიჩი მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში იმყოფება, სადაც მას დაკავების ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა. სასამართლო პროცესი ეკატერინბურგში დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

პოლ უელანი

ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი 2018 წელს დააკავეს. მას განაჩენი უკვე გამოუტანეს და ის ახლა 16-წლიან სასჯელს იხდის. უელანი შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ირლანდიის და კანადის მოქალაქეა. ის ბრალდებებს უარყოფს.

დაკავების მომენტში უელანი გლობალური უსაფრთხოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, მიჩიგანის ავტონაწილების მომარაგების კომპანიაში. რუსეთის პროკურატურის ბრალდებით, უელანი სამხედრო დაზვერვაზე მუშაობდა და დაკავებისას, მას საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ელექტრონული მოწყობილობა აღმოუჩინეს, რომელიც სხვისთვის უნდა გადაეცა.

უელანი არ ფიგურირებდა 2022 წელს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პატიმართა გაცვლის პროცესში. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მაშინ რუსეთმა ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი რუს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბოტში გაცვალა.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ უელანი უსაფუძვლოდ დააკავეს.

ალსუ კურმაშევა

“რადიო თავისუფლების” ამერიკელი ჟურნალისტი, წარმოშობით რუსი ალსუ კურმაშევა ქმართან და შვილებთან ერთად პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობდა. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ამერიკის და რუსეთის.

ალსუ რუსეთში ავადმყოფი დედის მოსანახულებლად ჩავიდა და გასული წლის ოქტომბერში დააკავეს იმის გამო, რომ ის, როგორც "რადიო თავისუფლების" თანამშრომელი, არ დარეგისტრირდა უცხოეთის აგენტად. მედიის საშუალება, რომელსაც ძირითადად შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს, რუსეთმა უცხოეთის აგენტად დაარეგისტრირა.

კურმაშევას მოგვიანებით დაუმატეს ახალი ბრალდება, რუსეთის არმიაზე "ყალბი" ინფორმაციის გავრცელება, რადგან ის უკრაინაში მიმდინარე ომს აშუქებდა. ამ ბრალდებით, კურმაშევას სასჯელი შეიძლება 15 წლამდე გაიზარდოს.

ბრალდებებს "რადიო თავისუფლება", კურმაშევა და მისი ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ.

გორდონ ბლექი

სერჟანტი გორდონ ბლექი სამხრეთ კორეაში განლაგებულ, შეერთებული შტატების ძალებში მსახურებდა. ის 2 მაისს რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში დააკავეს.

ბლექს ბრალად თავისი რუსი შეყვარებული გოგონასგან 10 000 რუბლის ($113) მოპარვა წაუყენეს. მოგვიანებით, მასაც დაუმძიმეს ბრალი შეყვარებულის ჩვენებების საფუძველზე, რომელიც აცხადებდა, რომ ჩხუბის დროს, ბლექი მას კისერში წვდა და მოკვლით ემუქრებოდა.

ბლექი დანაშაულს არ აღიარებს. ის 19 ივნისს გაასამართლეს და ორივე მუხლით დამნაშავედ ცნეს. ბლექს რუსეთის სასამართლომ სასჯელი 3 წლით და 9 თვით განუსაზღვრა.

პენტაგონი სერჟანტ ბლექის შემთხვევასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მან რუსეთში უნებართვო მოგზაურობით, არმიის შიდაგანაწესი დაარღვია. ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე, ბლექი რუსეთში ჩინეთის გავლით ჩავიდა.

რობერტ გილმანი

ყოფილი საზღვაო ქვეითი რობერტ გილმანიც უკვე გაასამართლეს. მას 2022 წელს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გილმანს ბრალად მატარებელში, ნასვამ მდგომარეობაში, პოლიციელზე თავდასხმა დაუმტკიცდა.

გილმანი რუსეთში განათლების მისაღებად ჩავიდა. სასამართლოში მან განაცხადა, რომ ინციდენტი არ ახსოვს, თუმცა ბოდიშს უხდის რუსეთს და რუს ოფიცერს.

ქსენია კარელინა

ორმაგი, ამერიკის და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქსენია კარელინა თებერვალში ღალატის ბრალდებით დააკავეს. ის რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ოჯახის მოსანახულებლად იყო ჩასული.

კარელინას სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა, 20 ივნისს დაიწყო, თუმცა შემდეგ 7 აგვისტოსთვის გადაიდო. მიზეზი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კარელინას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ლოს-ანჯელესში მცხოვრებ კარელინას მოსკოვი ბრალს უკრაინული ორგანიზაციისთვის თანხების მოზიდვაში სდებს. ბრალდების მიხედვით, აღნიშნული თანხის მიმღები საბოლოო ჯამში, უკრაინის არმია იყო. კარელინას ოჯახი ამბობს, რომ მან უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ნიუ-იორკშია დაფუძნებული, დაახლოებით $50 გადაურიცხა.

მარკ ფოგელი

ყოფილი სკოლის მასწავლებელი მარკ ფოგელი 14-წლიან სასჯელს იხდის. ის მასწავლებლობამდე მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოში მუშაობდა.

ფოგელს ბრალად ნარკოტიკების უკანონო გადატანა წაუყენეს და მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. რუს სამართალდამცავთა განცხადებით, 2021 წლის აგვისტოში, ფოგელს 17 გრამი მარიხუანა უპოვეს.

თავად ფოგელი ამბობს, რომ ის მარიხუანას სამკურნალოდ იყენებს და ბარგშიც იმიტომ ედო. დაკავების მომენტში ის მოსკოვში მდებარე ამერიკულ სკოლაში ასწავლიდა.

რობერტ რომანოვ ვუდლენდი

ამერიკელმა მშობლებმა რობერტ რომანოვ ვუდლენდი ბავშვობაში რუსეთიდან იშვილეს. ისიც იანვარში ნარკოტიკების გადატანის მცდელობის გამო დააკავეს, რაც რუსეთში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ვუდლენდი მოსკოვის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. მისი სასამართლო პროცესის დაწყების დღე ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

იუჯინ სპექტორი

გასული წლის აგვისტოში ჯაშუშობის ბრალდების წაყენების შემდეგ, იუჯინ სპექტორს სასამართლო პროცესზე ქრთამის აღების დანაშაული დაუმტკიცდა. ის რუსეთშია დაბადებული, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა.

დაკავებამდე სპექტორი ფარმაკოლოგიური კომპანიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე იყო. კომპანია "მედპოლიმერპრომი" კიბოს საწინააღმდეგო სამედიცინო საშუალებებზე სპეციალიზდებოდა. სპექტორმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ის ცდილობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოადგილისთვის ქრთამი შეეძლია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG