ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელების დაცვა მორალური ვალდებულებაა, უთხრა ლოიდ ოსტინმა ისრაელელ კოლეგას


ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 26 მარტს განაცხადა, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომში, პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა მორალურ და სტრატეგიულ ვალდებულებას წარმოადგენს. მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ალყაში მოქცეულ ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფა თანდათან მძიმდება.

ოსტინმა ეს განცხადება პენტაგონში, ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან შეხვედრის დროს გააკეთა. ეს ყოველივე იმ ფონზე ხდება, როდესაც ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის ურთიერთობა ომის დროს, გაუარესდა.

„ღაზაში დღეს ძალიან მაღალია მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი და ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა ძალზე მცირეა“, - თქვა ოსტინმა. თავდაცვის მდივანი აფასებდა ისრაელის მიერ წამოწყებული საპასუხო ქმედების შედეგებს, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასის" მიერ განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა.

მომხდარს ისრაელში 1,200 ადამიანი შეეწირა, 100-ზე მეტი ადამიანი კი "ჰამასის" მძევლად რჩება. "ჰამასი" ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთის ბევრ ქვეყანას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.

”ღაზა განიცდის ჰუმანიტარულ კატასტროფას და სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება”, - თქვა ოსტინმა. სამშაბათს, პენტაგონში სიტყვით გამოსვლაში, ოსტინი განსაკუთრებით მკაცრი იყო. მოგვიანებით პენტაგონმა განაცხადა, რომ ოსტინის დისკუსია გალანტთან იყო გულწრფელი და პირდაპირი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ასევე მეორე დღეს შეხვდა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანს. ამ უკანასკნელმა გალანტს განუცხადა, რომ ისრაელს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდა ღაზაში.

მოგვიანებით, გალანტმა ასევე მოლაპარაკება გამართა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ უილიამ ბერნსთან. ის ახლახან დაბრუნდა ყატარში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან. ბერნსი ერთ-ერთია ამერიკის მთავრობაში, ვინც ცდილობს, რომ შეთანხმებას მიაღწიოს "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი 130-ზე მეტი მძევლის გათავისუფლების საქმეში.

XS
SM
MD
LG