ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ირანთან ღია დაპირისპირების წნეხის ქვეშ


მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა მებრძოლებმა 28 იანვარს სამი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს და ათეულობით ადამიანი დაჭრეს, იზრდება პოლიტიკური ზეწოლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე, რათა ვაშინგტონმა იერიში უშუალოდ ირანზე მიიტანოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის მოსაზრებით, აქამდე ამ ნაბიჯისგან თავს მაქსიმალურად იკავებდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბაიდენს მომხდარზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტი აქვს. მან შესაძლოა ირანის ძალებს ქვეყნის გარეთ ან მის შიგნითაც კი შეუტიოს. ასევე შესაძლებელია, რომ ვაშინგტონმა ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებზე უფრო ძლიერი იერიშის მიტანით, შედარებით ფრთხილი არჩევანი გააკეთოს.

ოქტომბრის დასაწყისში, ისრაელის მიერ "ჰამასის" წინააღმდეგ წამოწყებული საპასუხო ომის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ძალებს 150-ზე მეტჯერ დაესხნენ თავს. ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა დაჯგუფების მეშვეობით, თავდასხმა ხდება ერაყში, სირიაში, იორდანიისა და იემენის სანაპიროებთან.

კვირას, 28 იანვარს მომხდარ თავდასხმამდე, რომელიც სირიასთან იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე 22-ე ფორპოსტზე მოხდა, იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც ამდენი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა. ეს კი შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქამდე ხელში მეტ ბერკეტს აძლევდა, რათა მას რეაგირებისთვის მეტი პოლიტიკური სივრცე შეენარჩუნებინა და რეგიონში აგრესიულად მოქმედ, ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუთებზე ისე მიეტანა იერიში, რომ თეირანთან უშუალო დაპირისპირების თავი აერიდებინა.

ბაიდენმა იმავე დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თავდამსხმელებს პასუხს გასცემს. თუმცა, რა სახით, ამასთან დაკავშირებით, მას დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.

რესპუბლიკელმა ოპონენტებმა პრეზიდენტი დაადანაშაულეს იმაში, რომ მას შეერთებული შტატების ძალები რეგიონში უმოქმედოდ ჰყავდა დატოვებული. ამასთან, რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი თვლის, რომ ამერიკას უშუალოდ ირანზე იერიში აქამდეც უნდა მიეტანა.

"მან ჩვენი ჯარები მჯდომარე იხვების პოზაში დატოვა",- განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ კოტონმა. მისი თქმით, "ერთადერთი პასუხი ამ იერიშებზე უნდა ყოფილიყო ირანის ტერორისტული ძალების წინააღმდეგ დამანგრეველი სამხედრო შურისძიება როგორც ირანში, ისე მთელ ახლო აღმოსავლეთში".

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ როჯერსმაც ირანის წინააღმდეგ მეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. ის წარმომადგენელთა პალატაში შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებზე საზედამხედველო კომიტეტს ხელმძღვანელობს.

„დიდი ხანია დადგა დრო, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ბოლოს და ბოლოს, დააკისროს პასუხისმგებლობა ირანის ტერორისტულ რეჟიმს და მათ ექსტრემისტ მარიონეტებს იმ თავდასხმებისთვის, რაც მათ განახორციელეს",- განაცხადა კონგრესმენმა როჯერსმა.

განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა, რომელიც კენჭს ისევ იყრის და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბაიდენის სავარაუდო ოპონენტი იქნება. მისი თქმით, ამერიკულ ძალებზე ახლო აღმოსავლეთში მიტანილი იერიში "ჯო ბაიდენის სისუსტის და დანებების შედეგია".

ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის დიდ ძალისხმევას მიმართავს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განლაგებული, შეერთებული შტატების ჯარების დასაცავად. მაგრამ, ამის მიუხედავად, პრეზიდენტს და ახლო აღმოსავლეთში მის საგარეო პოლიტიკას, ზოგიერთი დემოკრატი კანონმდებელიც აკრიტიკებს.

"როგორც ახლა ვრწმუნდებით, ის [კონფლიქტი] კონტროლს აღარ ექვემდებარება. ის რეგიონულ ომში გადადის და სამწუხაროდ, შეერთებული შტატები და ჩვენი ჯარები საფრთხეში ვარდებიან",- თქვა დემოკრატმა კანონმდებელმა ბარბარა ლიმ კვირას და კვლავ განაახლა მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG