ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პრეზიდენტი: არ დავუშვებთ ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფის მცდელობას


ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამშაბათს პირობა დადო, რომ აღკვეთს "ტაივანის ჩინეთიდან რაიმე ფორმით გაყოფის" ნებისმიერ მცდელობას. ამის თაობაზე ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო "სინჰუა" წერს. ტაივანის ახალი ლიდერის არჩევამდე ორი კვირა რჩება.

ჩინეთი დემოკრატიულად მართულ ტაივანს განიხილავს, როგორც საკუთარ ტერიტორიას, მიუხედავად ტაიპეის მთავრობის ძლიერი წინააღმდეგობისა. პეკინი კუნძულზე სამხედრო და პოლიტიკურ ზეწოლას აძლიერებს.

ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 13 იანვარსაა დაგეგმილი და ის, თუ როგორ წარმართავს კუნძული ჩინეთთან ურთიერთობას, დისკუსიების მთავარი თემაა.

სი ძინპინმა განცხადება ჩინეთის ყოფილი ლიდერის მაო ძედუნის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს აღსანიშნად გამართულ სიმპოზიუმზე გააკეთა. მაო ძედუნმა 1949 წელს ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა სამოქალაქო ომში დაამარცხა და მთავრობა ამის შემდეგ ტაივანში გადავიდა.

"სამშობლო უნდა გაერთიანდეს და აუცილებლად გაერთიანდება", - ციტირებს გამოცემა სის კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებთან გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებებს. "ჩინეთმა უნდა გააღრმაოს ინტეგრაცია ორ მხარეს შორის, ხელი შეუწყოს ურთიერთობების მშვიდობიან განვითარებას ტაივანის სრუტეში და გადაჭრით აღკვეთოს ვინმეს მცდელობა, რომ ტაივანი ჩინეთს რაიმე ფორმით გამოეყოს“, - თქვა მან.

მოხსენებაში არ იყო ნახსენები ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, თუმცა პეკინს ეს ვარიანტი არასდროს გამოურიცხავს.

გასული წელიწადნახევრის განმავლობაში ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ არაერთი სამხედრო წვრთნა ჩაატარა და გამუდმებით აგზავნის სამხედრო ხომალდებს და საბრძოლო თვითმფრინავებს ტაივანის სრუტეში.

XS
SM
MD
LG