ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამერიკას ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში ადანაშაულებს, აშშ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს


პეკინი ვაშინგტონს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამერიკული სამხედრო გემი, ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში „არალეგალურად“ შევიდა. ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია და „სერიოზულად შეარყია რეგიონალური მშვიდობა და სტაბილურობა“.

ბრალდებებს ვაშინგტონში აბსურდულს უწოდებენ. ამერიკის საზღვაო ძალების ინფორმაციით, სამხედრო გემი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რუტინულ ოპერაციებს ასრულებდა საერთაშორისო წყლებში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

„აშშ-ის მე-7 ფლოტი ყოველდღიურად მოქმედებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ისევე როგორც ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ეს ოპერაციები აჩვენებს, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი“, - წერია ამერიკის საზღვაო ძალების ოფიციალურ განცხადებაში.

ჩინეთი ამბობს, რომ ამერიკული გემი მის ტერიტორიულ წყლებში შევიდა, საუბარია რენაის რიფის მონაკვეთზე, რომელიც ე.წ. სადაო ტერიტორიაა. გაეროს ტრიბუნალის 2016 წლის გადაწყვეტილების თანახმად, ეს ტერიტორია ფილიპინების ექსკლუზიურ ზონაში მდებარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG