ჩინეთის უმაღლესი დიპლომატი პეკინში ოთხი არაბული ქვეყნის, ასევე ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრებს მასპინძლობს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ჩინეთი იმუშავებს თავის "ძმებთან და დებთან" არაბულ და ისლამურ სამყაროში, რათა შეეცადოს ომის დასრულებას ღაზაში.
საუდის არაბეთის, ეგვიპტის, იორდანიის, პალესტინის ავტონომიისა და ინდონეზიის მინისტრებმა პეკინში ტური გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრის ფარგლებში მოაწყვეს. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ჩინეთის მზარდი გეოპოლიტიკური გავლენისა და პალესტინელებისადმი დიდი ხნის მხარდაჭერის დასტურია.
ტური მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტისკენ სწრაფვას და პოლიტიკური პროცესის წინ წაწევას გრძელვადიანი მშვიდობის მიზნით, ასევე „ისრაელზე ოკუპაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ღაზის სექტორსა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე აშკარა დარღვევებისა და დანაშაულებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ უცხოელ დიპლომატებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ მათი გადაწყვეტილება პეკინიდან დაეწყოთ ეს ტური, ადასტურებს მათ მაღალ ნდობას ჩინეთის მიმართ.
ჩინეთი დიდი ხანია მხარს უჭერს პალესტინელებს. ისრაელსაც დიდი ხანია აკრიტიკებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი დასახლებების გამო. გარდა ამისა, ჩინეთს არ გაუკრიტიკებია "ჰამასი" 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო, რომლის დროსაც დაახლოებით 1,200 ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად პალესტინის მხარდაჭერისა, ჩინეთს მზარდი ეკონომიკური კავშირები აქვს ისრაელთან.