ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმო ღაზაში დაავადებების სწრაფი გავრცელების რისკზე საუბრობს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ნერვიულობენ ღაზაში დაავადებების გავრცელებაზე. სიტუაცია მწვავეა, რადგან ისრაელის დაბომბვების გამო, ღაზის მოსახლეობას სუფთა წყალი, სამედიცინო საჭიროების საშუალებები და საკვები თითქმის აღარ აქვთ.

"უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, დაავადებების გავრცელების გამო",- ამბობს ჯანმოს წარმომადგენელი ოკუპირებულ პალესტინაში.

მისი თქმით, ღაზაში 70,000-ზე მეტი მწვავე რესპირატორული ინფექცია და 44,000-ზე მეტი დიარეის შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს მაჩვენებელი მოსალოდნელზე გაცილებით უფრო მაღალია.

ჯანმო აქამდეც ავრცელებდა გაფრთხილებას ღაზაში დაავადების გავრცელების "შემაშფოთებელი ტენდენციების" შესახებ, სადაც დაბომბვამ და სახმელეთო შეტევამ შეაფერხა ჯანდაცვის სისტემა.

წვიმების სეზონის დაწყებამ და წყალდიდობის შესაძლებლობამ ასევე გაზარდა შიში, რომ მჭიდროდ დასახლებული ღაზის საკანალიზაციო სისტემა გადაიტვირთება და დაავადებები გავრცელდება.

საწვავის ნაკლებობამ უკვე გამოიწვია კანალიზაციის სატუმბი სადგურების და გამწმენდი ნაგებობების გათიშვა, რაც ზრდის წყლის დაბინძურების და დაავადების გავრცელების რისკს.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა პარასკევს განაცხადა, რომ დაახლოებით 813,000 იძულებით გადაადგილებული ადამიანი იმყოფება სულ მცირე 154 თავშესაფარში, რომელსაც გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტო მართავს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG