ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ღაზის საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს, გაერო ჰუმანიტარული პაუზისკენ მოუწოდებს


ისრაელის ჯარისკაცები ღაზის შიფას საავადმყოფოში და მის გარშემო ოპერაციებს აგრძელებს. ოთხშაბათ დილით, მომავალი ოპერაციის შესახებ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების გაფრთხილებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ისრაელის ჯარისკაცები საავადმყოფოში შეიჭრნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია აღწერა როგორც „ზუსტი და გამიზნული“. ისრაელი ამბობს, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოს სამეთაურო ცენტრად, პაციენტებს და პერსონალს კი ცოცხალ ფარად იყენებდა. „ჰამასი“ და ღაზის ჯანდაცვის მესვეურები ამ ბრალდებას უარყოფენ.

ისრაელს არ წარმოუდგენია ფოტო ან ვიდეო მასალა, რომლითაც შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ მებრძოლების ყოფნას აჩვენებდა, თუმცა გააზიარა ვიდეო მასალა, რომელიც აჩვენებს მებრძოლების მოქმედებებს საცხოვრებელ უბნებში და მათ მიერ რაკეტების და იარაღის სკოლების და მეჩეთების სიახლოვეს განლაგებას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა შიფას საავადმყოფოში შეჭრას „სრულიად მიუღებელი“ უწოდა. მან ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ობიექტებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ, საავადმყოფოში მყოფი პაციენტები და პერსონალი დაცული უნდა იყოს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ჰამასს“ ბრალი დასდო, რომ სამეთაურო ცენტრი შიფას საავადმყოფოში განათავსა და ამას „ომის დანაშაული“ უწოდა.

ოთხშაბათ ღამით, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ღაზაში „გადაუდებელი და ხანგრძლივი ჰუმანიტარული პაუზები“ დამყარდეს. რეზოლუციას ხმა საბჭოს თორმეტმა წევრმა მისცა, წინააღმდეგი არავინ იყო. შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ თავი შეიკავეს. გაეროში ისრაელის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რეზოლუციას „ადგილზე არსებული რეალობიდან მოწყვეტილი“ უწოდა.

რეზოლუცია „ჰამასის ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენაც“ მოუწოდებს.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს, „ჰამასმა“ დაახლოებით 240 ისრაელელი და უცხოელი მძევალი აიყვანა.

XS
SM
MD
LG