ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის პრემიერს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა


პოლონეთის პრემიერ-მინისტრს ორშაბათს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. ამის შემდეგ, პროევროპული პარტიების ფართო კოალიციას, რომელსაც დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს, გზა გაეხსნა ხელისუფლებაში მოსასვლელად.

კენჭისყრით ნაციონალისტური, "კანონი და სამართლიანობის პარტიის" (PiS) რვაწლიანი მმართველობა ფაქტობრივად დასრულდა. კრიტიკოსების თქმით, პარტია ძირს უთხრიდა სასამართლოს დამოუკიდებლობას, მედია დამოუკიდებლობას და უმცირესობების უფლებებს.

ტუსკმა, ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პირობა დადო, რომ გამოასწორებს ვარშავას ურთიერთობებს ბრიუსელთან და განბლოკავს პოლონეთისთვის გამოყოფილი მილიარდობით ევროს. დახმარება შეჩერებული იყო კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო.

პარლამენტის 456 წევრიდან, 266-მა დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთვის უნდობლობის გამოცხადებას. მას 190 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა.

PiS ამბობს, რომ ის იცავდა პოლონეთის სუვერენიტეტსა და ტრადიციებს უცხოური ჩარევისგან მისი ხელისუფლებაში ყოფნისას და მილიონობით პოლონელის ცხოვრების დონის გააუმჯობესა სოციალური შეღავათების შემოღებითა და მინიმალური ხელფასის გაზრდით.

15 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო პროცესმა დიდი ყურადღება მიიპყრო. ზოგიერთ სესიას ონლაინ მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რის შემდეგაც, ვარშავის ერთ-ერთმა კინოთეატრმა გადაწყვიტა ორშაბათის სესიის დიდ ეკრანზე ეჩვენებინა, რამაც იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ დაახლოებით 2000 ადამიანი იდგა ბილეთების რიგში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG