თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მიესალმა ღაზის სექტორში დადებული დროებითი ზავის გახანგრძლივებას. მან დადებითად შეაფასა მძევლებისა და ტყვეების გაცვლის პროცესის გაგრძელება ისრაელსა და დაჯგუფება "ჰამასს" შორის, რაც მისი თქმით, ანკლავში დროებით „სისხლისღვრას შეაჩერებს".
„ჩვენ სისხლისღვრის შეწყვეტის გამო, დადებითად აღვიქვამთ მძევლების გაცვლას, ჰუმანიტარულ პაუზას", - განაცხადა ერდოღანმა 29 ნოემბერს, თურქეთის პარლამენტში კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს საპასუხო თავდასხმა ღაზის სექტორზე და დასძინა, რომ ისრაელის პრემიერი ისტორიაში შევა, როგორც "ღაზის ჯალათი".
ერდოღანმა თქვა, რომ ამ კვირის ბოლოს დუბაიში ვიზიტის დროს, კიდევ ერთხელ განიხილავს ღაზაში შექმნილ ვითარებას. მისი განცხადებით, ანკარა გააძლიერებს დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა უახლოეს დღეებში ცეცხლის სრული შეწყვეტა და მძევლების გაცვლა მოხდეს.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეტინ კოჩას ცნობით, ანკარაში დღეს ღაზიდან 50 პაციენტს იღებენ. ეს სამედიცინო ევაკუაციის გეგმის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში ღაზიდან 150-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა, ძირითადად - კიბოთი დაავადებული პაციენტები და მათი თანმხლები პირები. 50 ევაკუირებულიდან უმეტესობა ბავშვი ან ახალგაზრდაა, მათ შორის ყველაზე მცირეწლოვანი 7 თვისაა.
თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს კონფლიქტის "ორი სახელმწიფოს" პრინციპით გადაწყვეტას, მკაცრად აკრიტიკებს ისრაელს ღაზაზე სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების გამო. ისრაელმა იერიში გასულ თვეში დაიწყო, "ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც დაახლოებით 1 400 ადამიანი დაიღუპა და 240 მძევლად აიყვანეს. შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნების ნაწილი "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
Facebook Forum