გაეროს სხვადასხვა სააგენტოს ლიდერები, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის თავზე, ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. ღაზის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში, ისრაელის საჰაერო დარტყმებისა და ჯარების თავდასხმის შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა.
ისრაელი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მზარდ საერთაშორისო ზეწოლას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ უპირველსად, 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დატყვევებული მოქალაქეები უნდა გათავისუფლდნენ. „ჰამასი“, რომელიც ათობით ქვეყანას, მათ შორის, შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცადებული, ისრაელს თავს 7 ოქტომბერს დაესხა და განსაკუთრებული სისასტიკით, 1400-ზე მეტი ადამიანი, მეტწილად სამოქალაქო პირები დახოცა. 240-ზე მეტი ადამიანი კი, მათ შორის, უცხოეთის მოქალაქეები დაატყვევა და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანა. საპასუხოდ, 8 ოქტომებრს, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა.
"მთელი მოსახლეობა ალყაშია და თავდასხმის ქვეშაა, არ აქვს ხელმისაწვდომობა გადარჩენისთვის საჭირო ნივთებზე, დაიბომბა მათ სახლებში, თავშესაფრები, საავადმყოფოები და რელიგიური დაწესებულებები. ეს მიუღებელია. [...] ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა. ეს უკვე 30 დღეა გრძელდება. საკმარისია. ეს ახლა უნდა შეწყდეს“." - ნათქვამია გაეროს სააგენტების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადების 18 ხელმომწერთა შორისაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი და გაეროს დახმარების ხელმძღვანელი მარტინ გრიფიტსი.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, სექტორში მცხოვრები 9 770-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის სამეხდრო უწყება აცხადებს, რომ მისი დარტყმების სამიზნე იყო „ჰამასის“ გვირაბები, "ტერორისტები, სამხედრო შენაერთები, სადამკვირვებლო პუნქტები, ასევე, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები პუნქტები". უწყების განცხადებით, სახმელეთო ჯარების მიერ, „ჰამასის“ მებრძოლთა შენაერთებზე, სადამკვირვებლო პუნქტებზე, საწვრთნელ ზონებსა და მიწისქვეშა გვირაბებზე თავდასხმისას, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი.
ისრაელის სამხედრო მსხვერპლი
ისრაელის განცხადებით, 27 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში გაფართოებული სახმელეთო ოპერაციები დაიწყო, 31 ჯარისკაცი დაიღუპა. „ჰამასის“ ათასობით მებრძოლი მათ სექტორის მიწის ქვეშ განთავსებული გვირაბებიდან ებრძვის.
ისრაელმა სექტორის ჩრდილოეთში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა, საკუთარი უსაფრთხოებისთვის ტერიტორია დაეტოვებინათ. ისრაელმა განაცხადა, რომ ყოველ დღე, ოთხი საათის განმავლობაში, მშვიდობიან მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ღაზის სამხრეთისკენ მიმავალ გზატკეცილზე უსაფრთხოდ გაიარონ.
გაეროს მონიტორინიგის სამსახურის დაკვირვებით, კვირას ისრაელის მოწოდებას 2000-ზე ნაკლები პალესტინელი მიჰყვა. გაეროს წარმომადგენლებმა, გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ამის მიზეზი, მეტწილად, შისი, გზების მძიმე დაზიანება, შეზღუდული კომუნიკაციების გამო ინფორმაციის ნაკლებობაა.
ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა, ისრაელის არმიის სპიკერმა ჟურნალისტებს, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ორ საავადმყოფოში, „ჰამასის“ გვირაბებისა და სარაკეტო უბნების სურათები აჩვენა და თქვა, რომ ისრაელი არ არის პასუხისმგებელი იმაზე, „რაც ახლა ჩრდილოეთ ღაზაში ხდება“.
ბლინკენი თუქრეთშია, CIA-ის დირექტორი შესაძლოა ისრაელს ეწვიოს
ღაზის საკითხის განხილვის მიზნით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, თურქ კოლეგას ანკარაში შეხვდა. ანკარაში ენტონი ბლინკენის ვიზიტს წინ უსწრებდა სამხრეთ თურქეთში განთავსებულ ამერიკულ საავიაციო ბაზაზე, პალესტინის ასობით მხარდამჭერის შეჭრის მცდელობა.
კვირას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გაემგზავრა, სადაც პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა. აბასი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ საერთაშორისო მოწოდებებს შეუერთდა. ენტონი ბლინკენმა გაიმეორა შეერთებული შტატების შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება „ჰამასს“ დაეხმაროს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისრაელის უფლება და ვალდებულებაა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები „ტერორისტების თავდასხმისგან“ და ამასთან უზრუნველყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვა. ამ დროისთვის, ცეცხლის შეწყვეტას გამორიცხავს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, ისრაელში ვიზიტს გეგმავს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი. გამოცემა, ანონომურობის დაცვით, ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ უილიამ ბერნსი, ისრაელის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას ეწვევა.