უკრაინის 10 რეგიონში რუსეთმა 118 ქალაქი და სოფელი მხოლოდ ერთ დღეში დაბომბა. ამის შესახებ ოფიციალური კიევი იუწყება. უკრაინის ხელისუფლების თქმით, 31 ოქტომბერს რუსეთის იერიშები რეკორდულად მასშტაბური იყო.
რუსული იერიშების დროს დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კრემენჩუკში, აფეთქების შემდეგ გაჩენილ ხანძარს 100 მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
კიევი ამბობს, რომ რუსეთის იერიშებს უკრაინულ ქალაქებზე მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა დონეცკის აღმოსავლეთშიც. რუსეთის იერიშების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი სამხრეთ ხერსონშიც.
„რაც უნდა მოხდეს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, უკრაინის დამოუკიდებლობა“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ტრადიციულად დღის ბოლოს მოსახლეობას მიმართა. ზელენსკიმ მიმართვის დროს თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ კონტრშეტევას და იბრუნებენ ტერიტორიებს. პრეზიდენტმა ისაუბრა იმ კრიტიკის შესახებაც, რომ უკრაინის კონტრშეტევის ტემპი ნელია. მისი თქმით, უკრაინა რუსეტის სრულმასშტაბიან შეჭრას უპირისპირდება და კიევი გააგრძელებს ბრძოლას და დაიცავს ქვეყანას.
ამ დროისათვის უკრაინაში ფრონტის ხაზის სიგრძე 1000 კილომეტრს აღწევს. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ქალაქი ავდიივკა, რომელსაც ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთი აქტიურად უტევს. ავდიივკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქალაქი თავდასხმების ახალი ტალღისთვის ემზადება.
„მტერს მოჰყავს [დამატებითი] ძალები და გადმოაქვს აღჭურვილობა. ჩვენი ბიჭები ახალი ტალღისთვის ემზადებიან“, - ამბობს ვიტალი ბარაბაში ავდიივკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ავდიივკასთან ერთად ყურადღების ცენტრშია კუპიანსკიც. უკრაინის სახმელეთო ჯარების სპიკერი ვოლოდიმირ ფიტიო ამბობს, რომ ქალაქი, რომელზეც უკრაინამ გასულ წელს რუსული ოკუპაციისგან დაიხსნა, რუსული ჯარის მხრიდან აქტიური შეტევის ქვეშაა.
„კუპიანსკის სექტორში ჩვენი თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის თავდასხმების მოგერიებას“, - ამბობს ფიტიო.
31 ოქტომბრის მოვლენები შეაფასა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. კრემლი ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა წარმატებული შეტევები განახორციელა ქალაქ ბახმუტთან, რომელსაც ამ დრომდე უკრაინული ძალები აკონტროლებენ.
Facebook Forum