ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევმა აეროდრომები დაბომბა და რუსეთის საბრძოლო ტექნიკის განადგურებაზე იუწყება


"ატაკამსის" ტიპის რაკეტის გაშვების მომენტი სამხრეთ კორეაში.
"ატაკამსის" ტიპის რაკეტის გაშვების მომენტი სამხრეთ კორეაში.

უკრაინის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში და სამხრეთში რუსეთის მიერ კონტროლირებული აეროდრომები დაბომბეს. კიევის ცნობით, მათ გაანადგურეს რუსეთის ვერტმფრენები, ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვები სისტემები და დააზიანეს ასაფრენი ბილიკები.

განცხადებას სამშაბათს, 17 ოქტომბერს, უკრაინის არმიის ოფიციალური წყაროები ავრცელებენ. ისინი იუწყებიან, რომ ეს იყო "მაღალი დონის მიზანმიმართული დარტყმები მტრის აეროდრომებზე" აღმოსავლეთის მიმართულებით, ქალაქ ლუჰანსკთან და სამხრეთში, ქალაქ ბერდიანსკთან.

პარალელურად, უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმებმა განაცხადეს, რომ ცხრა ვერტმფრენი, საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვები სისტემა და სხვა აღჭურვილობა განადგურდა. ასევე, დაზიანებულია ასაფრენი ბილიკები.

კიევი იერიშზე დამატებით დეტალებს არ ავრცელებს. უკრაინამ კომენტარი არ გააკეთა მედიაში გავრცელებულ ცნობებზე იმის შესახებ, რომ თავდასხმებში პირველად გამოიყენეს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული "ატაკამსის" ტიპის შორი რადიუსის სარაკეტო სისტემები.

მომხდარზე არაფერს ამბობს მოსკოვი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ განცხადებებში თავდასხმები საერთოდ არ უხსენებია.

ვლადიმერ როგოვმა, რუსეთის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაპორიჟიის რეგიონში, რომელსაც ნაწილობრივ მოსკოვი აკონტროლებს, განცხადება სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" გაავრცელა. მისი თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უზრუნველყო ის, რომ ბერდიანსკის აეროდრომზე თავდასხმა წარუმატებელი ყოფილიყო.

ამ იერიშების შესახებ მხოლოდ რამდენიმე რუსი სამხედრო ბლოგერი იტყობინებოდა. რუსული "ტელეგრამის" არხი Fighterbomber ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა "ატაკამსებით" შეტევის შემდეგ, პერსონალი და აღჭურვილობა დაკარგა.

შეერთებული შტატების საინფორმაციო საშუალებები, რომელთა შორისაა "სი-ენ-ენი" და "უოლ-სტრიტ ჯორნალი", ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ვაშინგტონმა კიევს უკვე მიაწოდა "ატაკამსები". სარაკეტო სისტემების გადაცემა, ამერიკული მედიის ცნობით, საიდუმლოდ განხორციელდა, მათი გამოყენება კი პირველად სამშაბათს მოხდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG