უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, პარასკევ დილით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა. 6 ოქტომბრის შეტევებს ქალაქ ხარკივში 10 წლის ბიჭი და მისი ბებია ემსხვერპლა, ოდესის რეგიონში კი მარცვლეულის და პორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა.
რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ სინეჰუბოვმა განაცხადა, რომ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივს, ორი რუსული „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა ესროლეს. 10 წლის ბავშვის და მისი ბებიის დაღუპვის გარდა, ქალაქში კიდევ 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის დაჭრილია 11 თვის ჩვილი.
ბოლო თავდასხმებს ერთი დღით წინ უძღოდა რუსეთის სხვა სარაკეტო თავდასხმები, რომელმაც სოფელ ჰროზაში ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა. ეს 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სამოქალაქო მოსახლეობაზე მიტანილი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იერიში იყო.
5 ოქტომბერს განხორციელებულ ამ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 52 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „რუსულ ტერორზე“ პასუხი უნდა იყოს უკრაინის შეუპოვრობა, „ჩვენი მოძრაობა და ოკუპანტების ყოველდღიური დანაკარგები“.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მკაცრად დაგმო თავდასხმა ჰროზაზე. მისი თქმით, სამოქალაქო ობიექტებზე იერიშის მიტანა საერთაშორისო სამართლითაა აკრძალული.
გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი წარმომადგენლის უწყებაში აცხადებენ, რომ თავდასხმა განახორციელეს რუსეთის სამხედროებმა, თუმცა ეს ბოლომდე დადასტურებული არ არის. გაეროს მისია რუსეთის იერიშის გარემოებათა გამოძიებას და თავდასხმის თვითმხილველთა გამოკითხვას გეგმავს.
რუსეთი უარყოფს, რომ იერიში სამოქალაქო ობიექტებზე მიაქვს. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უშუალოდ სოფელ ჰროზასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, მხოლოდ ზოგადად განაცხადა, რომ რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს თავს არ ესხმის.
უკრაინის საჰარო ძალების განცხადებით, ღამით ბოლო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ანექსირებული ყირიმიდან რუსეთის მიერ გაშვებული 33 დრონიდან 25 ჩამოაგდო. უკრაინის სამხრეთში რუსეთის დრონების სამიზნე ოდესის და მიკოლაივის რეგიონები იყო. სამხრეთ-აღმოსავლეთში - დნიპროპეტროვსკის რეგიონი, ცენტრალურ უკრაინაში ჩერკასი და ჟიტომირი და ჩრდილო-აღმოსავლეთში ხარკივი, განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალებმა.
ერთმა დრონით თავდასხმამ, ოდესის რეგიონის იზმაილის რაიონში სასილოსე კოშკი დააზიანა. ტერიტორიაზე ცხრა სატვირთო მანქანას ცეცხლი წაეკიდა, მაგრამ ხანძარი სწრაფადვე ჩააქრეს.
მას შემდეგ, რაც შავი ზღვის ინიციატივის სახელით ცნობილი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გამოვიდა, რუსეთმა გააძლიერა თავდასხმები უკრაინის სამხრეთ რეგიონებზე, სადაც შავი ზღვის და მდინარის პორტებია განლაგებული.
უკრაინა გლობალურად მარცვლეულის წამყვანი ექსპორტიორია და ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმების მიზანი, მისი მარცვლეულის მსოფლიოში გატანის არდაშვებაა.