ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე აცხადებს, რომ ისრაელი ამ ეტაპზე ღაზაში დახმარებას არ უშვებს


ორშაბათს ეგვიპტემ განაცხადა, რომ ისრაელი არ თანამშრომლობს ღაზაში დახმარების მიწოდებასა და უცხოეთის პასპორტების მფლობელების ევაკუაციაში, ერთადერთი სასაზღვრო პუნქტზე, რის გამოც ასობით ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეჩერებულია.

კაირო ამბობს, რომ რაფაჰის გადასასვლელი, ალყაში მოქცეული ღაზის სექტორისთვის საჭირო დახმარების მისაწოდებლად, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ის ოფიციალურად დაკეტილი არ არის, მაგრამ ღაზის მხარეს ისრაელის საჰაერო თავდასხმების გამო უფუნქციოა.

„ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შემსუბუქება გადაუდებელი აუცილებლობაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამეჰ შუკრიმ და დასძინა, რომ ისრაელთან მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს.

„აქამდე ისრაელის მთავრობას არ დაუფიქსირებია პოზიცია ღაზის მხრიდან რაფაჰის გადასასვლელის გახსნასთან დაკავშირებით, რათა დაუშვას მესამე ქვეყნების მოქალაქეების გასვლა და დახმარების მიწოდება“, - თქვა მან.

ღაზის 2 მილიონზე მეტი მცხოვრები ალყაშია მას შემდეგ, რაც "ჰამასის" ისლამისტი მებრძოლების თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო.

ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურებიდან ორმა წყარომ, „როიტერს“ განუცხადა, რომ რაფაში დახმარებისა და ევაკუაციის ხელშეწყობის მიზნით, ღაზის სამხრეთ ნაწილში რამდენიმე საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტა იყო შეთანხმებული.

თუმცა, ისრაელმა ეს უარყო.

ორ წყაროზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ავცელებს ინფორმაციას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რამდენიმე ქვეყნის ასობით ტონა დახმარება, ეგვიპტის მეზობელ ქალაქ ალ-არიშში, ღაზაში შესვლის უფლებას სატვირთო მანქანებზე ელოდა.

ცალკე, ახალი ამბების სააგენტო "როიტერის" ვიდეოში, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, ნაჩვენებია გაეროს დროშის ქვეშ მყოფი საწვავის სატვირთო მანქანები, რომლებიც ღაზას ტოვებენ ეგვიპტეში ისრაელის მიერ კონტროლირებადი კერემ შალომის გადასასვლელით.

XS
SM
MD
LG