ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი "ჰამასს" მძევლების ნაცვლად საკუთარ თავს სთავაზობს


წმინდა მიწაზე რომის პაპ ფრანცისკეს წარმომადგენელმა, კარდინალმა პიერბატისტა პიცაბალამ განაცხადა, რომ მზადაა გაცვალოს თავი "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილ და ღაზაში მყოფ ისრაელელ ბავშვებზე.

იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქმა, ამის შესახებ, ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

"მე მზად ვარ გაცვლაზე, ნებისმიერი რამ, თუ ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვების თავისუფლება და მათი სახლში დაბრუნება, პრობლემა არ იქნება. ჩემი მხრიდან არის სრული სურვილი", - თქვა პიცაბალამ.

„პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის მძევლების გათავისუფლების მცდელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში [ესკალაციის] შეჩერების გზა არ გამოჩნდება. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, პირადად მეც მზად ვარ“, - თქვა მან.

თუმცა, პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას და მის ოფისს ჯერ არ ჰქონიათ პირდაპირი კონტაქტი "ჰამასთან", მებრძოლ ისლამისტურ დაჯგუფებასთან.

"ჰამასი" ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, რის შედეგადაც 1,300 ადამიანი დაიღუპა. ჰამასს ახლა ტყვეობაში 200-მდე ადამიანი ჰყავს. მათგან, დაახლოებით 12 ბავშვია.

""ჰამასს" ვერ დაელაპარაკები, ეს ძალიან რთულია",- თქვა პიცაბალამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პიცაბალა ზედამხედველობს რომის კათოლიკე ეკლესიის საქმიანობას ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე, ასევე იორდანიასა და კვიპროსში - რეგიონში, სადაც დაახლოებით 300,000 რომაელი კათოლიკე ცხოვრობს.

მისი თქმით, დაახლოებით 1,000 ქრისტიანი ახლა ეკლესიებსა და ეკლესიის კუთვნილ შენობებში იმალება, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში, ვინაიდან ისრაელის დაბომბვებმა მათი სახლები გაანადგურა.

XS
SM
MD
LG