თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი დღეს, 4 სექტემბერს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას უთხრა, რომ შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის განახლების თემაზე დისკუსიებისთვის მზადაა.
ე.წ. შავი ზღვის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინული მარცვლეული მსოფლიოს არაერთ ნაწილში აღწევდა და მსოფლიოში სასურსათო კრიზისის დაძლევაში წვლილი შეჰქონდა, თუმცა ივლისში, თურქეთისა და გაეროს მიერ შეთანხმების მიღწევიდან ერთ წელიწადში, რუსეთმა მისი პირობების შესრულებაზე უარი თქვა. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ თავად რუსეთის სურსათი და სასუქი ექსპორტზე შეზღუდვებით გადიოდა, უკრაინული მარცვლეული კი გაჭვირვებულ ქვეყნებს საკმარისად ვერ ადგებოდა.
ერდოღანი, რომელმაც გასულ წელს პრეზიდენტ პუტინის მოლაპარაკებებში მონაწილლეობაში დასარწმუნებლად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, და გაერო, რომელიც ასევე მონაწილეობდა შეთანხმებაში, ახლა ცდილობენ მოსკოვი პირობების შესასრულებლად და შეთანხმების გასაგრძელებლად, მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნონ.
შავი ზღვის კურორტ სოჭში შეხვედრის დასაწყისში, პუტინმა ერდოღანს უთხრა, რომ იმედოვნებს, ისინი საუბარს თურქეთში ბუნებრივი გაზის ერთგვარი ჰაბის შექმნის თაობაზე დაასრულებდნენ, თუმცა მარცვლეულის თემასაც განიხილავდნენ. "მე ვიცი, რომ თქვენ მარცვლეულის შეთანხმების საკითხის განხილვაც გსურთ. ჩვვენ ამ საკითხზე მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ", -- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა კი თქვა, რომ მსოფლიო სწორედ მარცვლეულის დერეფნის შესახებ ელოდება სიახლეებს. "ყველა ელოდება იმას, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი შეხვედრა. მე მჯერა, რომ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გადასაცემი გზავნილი იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი აფრიკული ქვეყნებისთვის", - განმარტა თურქეთის პრეზიდენტმა.
მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე შეთანხმება უკრაინიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე გატანას გულისხმობდა. გაეროს თანახმად, სასურსათო კრიზისი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მთელ მსოფლიოში გაუარესდა.
Facebook Forum