გერმანელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი ბერლინში მცხოვრები რუსი ჟურნალისტის, ელენა კოსტიუჩენკოს მკვლელობის მცდელობის საქმეს იძიებენ მას შემდეგ, რაც მას და კიდევ ორ დევნილ რუს ჟურნალისტს მოწამვლის სიმპტომები აღმოაჩნდათ.
კოსტიუჩენკო, რომელმაც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულები გამოავლინა, გასული წლის ოქტომბერში შეუძლოდ გახდა. მას აღენიშნებოდა უკიდურესი დეზორიენტაცია, მუცლის მწვავე ტკივილი და შეშუპებული კიდურები. სიმპტომების გამოვლენისას ის მატარებლით მიუნხენიდან ბერლინში მგზავრობდა.
„როდესაც რკინიგზის სადგურზე გამოვედი მივხვდი, რომ ვერ ვიხსენებდი როგორ მივსულიყავი სახლში“, დაწერა მან ორი კვირის წინ ლიტერატურულ ჟურნალში N+1. „ვიცოდი, რომ მეტროში ჩასვლა მჭირდებოდა, მაგრამ როგორ იმას ვერ მხვდებოდი“.
ორი კვირის წინ, საგამოძიებო პორტალმა „ინსაიდერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმებმა განაცხადეს, რომ რუსი ჟურნალისტის სიმპტომები მოწამვლას შეესაბამება.
„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ელენა კოსტიუჩენკოს მკვლელობის მცდელობის გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა პარასკევს ბერლინის პროკურატურის სპიკერმა.
კიდევ ორი ადამიანი, რომლებსაც მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდათ, ნატალია არნო და ირინა ბაბლოიანი არიან. არნო, რომელიც ამერიკაში ბაზირებული „თავისუფალი რუსეთის ფონდის“ პრეზიდენტია, შეუძლოდ 2022 წლის მაისში პრაღაში მოგზაურობის დროს გახდა. თბილისში ბაზირებული რადიოჟურნალისტი ბაბლოიანი კი ოქტომბერში.