ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელი მფრინავები აშშ-ში "ეფ-16"-ების სამართავად გადამზადდებიან


რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ, უკრაინის კონტრიერიში გრძელდება. პარალელურად კი, პარტნიორი ქვეყნები კიევის დახმარებას აგრძელებენ. უკვე ცნობილია, რომ უკრაინა პარტნიორებისგან რამდენიმე ათეულ სამხედრო თვითმფრინავ „ეფ-16“-ს მიიღებს, უკრაინელ პილოტებს კი სხვადასხვა ქვეყანაში გადაამზადებენ. მათ შორის იქნება ამერიკის შეერთებული შტატები.

ოფიციალური ვაშინგტონი ამბობს, რომ პროცესი ოქტომბერში დაიწყება. თუმცა, უკრაინელ მფრინავებს ამერიკაში გაცილებით ადრე ელოდებიან. როგორც ცნობილია, ისინი სწავლებამდე ინგლისური ენის კურსებს გაივლიან.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ სწავლება არიზონას შტატში, მორისის საავიაციო ბაზაზე გაიმართება. პეტ რაიდერის თქმით, სწავლებაში, პილოტებთან ერთად, ტექნიკური პერსონალიც იქნება ჩართული.

ამერიკასთან ერთად, უკრაინელი მფრინავების გადამზადების პროცესში ჩართულია ევროპული ქვეყნებიც. დანიაში სწავლების პროცესი უკვე დაწყებულია, რომელშიც 8 უკრაინელი მფრინავი მონაწილეობს. პროცესში ასევე ჩართულია 65 ტექნიკური პერსონალი.

ცნობილია ისიც, რომ დანია და ნიდერლანდები, ამერიკის შეერთებული შტატების თანხმობის საფუძველზე, უკრაინას 40-ზე მეტ თვითმფრინავს გადასცემს.

სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინისთვის „ეფ-16“-ები მნიშვნელოვანია, რადგან ეს კიევის კონტრიერიშს უფრო ეფექტურს გახდის.

კიევი სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე უკვე თვეებია საუბრობს. ჯერ კიდევ მაისში, ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ თანახმა იყო უკრაინელი მფრინავების გადამზადება დაწყებულიყო. მოგვიანებით ივლისში, ნატოს ვილნიუსის სამიტზე, გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც უკრაინელი მფრინავების გადამზადებას ითვალისწინებდა. მაშინ, დოკუმენტს ხელი ნატოს წევრი 11 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG