ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი არჩევნების ძირის გამოთხრის საქმეზე ატლანტის ციხეში გამოცხადდება


დონალდ ტრამპი ხუთშაბათს ატლანტის ციხეში უნდა გამოცხადდეს ბრალდებების გამო, რომელიც 2020 წლის არჩევნების შედეგის შეცვლის სავარაუდო მცდელობიდან მომდინარეობს. ყოფილი პრეზიდენტისთვის ამ წელს ეს მეოთხე კრიმინალური საქმეა.

ატლანტაში სხვა კრიმინალური ბრალდებულების მსგავსად, ტრამპს მოუწევს ფულტონის საგრაფოს ციხეში გამოცხადება, სადაც მას თითების ანაბეჭდებს აუღებენ და ფოტოს გადაუღებენ. ამ ფოტოს მისი მომხრეებიც და სახელის გატეხის მოსურნეებიც ნამდვილად ფართოდ გამოიყენებენ იმ დროს, როდესაც ტრამპი საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.

რესპუბლიკელ ყოფილ პრეზიდენტს 13 პუნქტიანი ბრალდება აქვს წაყენებული რეკეტის ჩათვლით, რასაც -როგორც წესი - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ იყენებენ. რეკეტის ბრალდება ყოფილ პრეზიდენტს შტატის ოფიციალურ პირებზე წნეხის გამო მიუყენეს. მას ბრალს სდებენ, რომ შტატის ოფიციალური პირებისგან არჩევნების შედეგის შეცვლას მოითხოვდა.

77 წლის ტრამპმა ბრალდებები უარყო და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. თავისი გამოცხადების დროს, ტრამპი ბრალეულობის შესახებ არანაირ აღიარებას არ გააკეთებს. ის დათანხმდა შეიტანოს 200,000 დოლარის ოდენობის გირაო და მიიღო გირაოს პირობები, რომლითაც მას მოწმეების და მასთან ერთად ბრალდებული 18 პირის მიმართ მუქარა ეკრძალება.

ნათელი არ არის, თუ ტრამპი როდის მივა დაწესებულებაში, რომელსაც საშინელი პირობების მქონე ადგილის სახელი აქვს და რეპერების სიმღერების შთაგონების წყარო და შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების საგანი იყო.

ტრამპის მიმართ პირველი ბრალდების წაყენების შემდეგ, გამოკითხვებში ტრამპის მოწინავე პოზიცია გაფართოვდა და მისი მომხრეები ამბობენ, სჯერათ რომ ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლოა იურიდიულმა პრობლემებმა მას ჩამოაშოროს დამოუკიდებელი ამომრჩევლები, რომლებიც საყოველთაო არჩევნებში ბაიდენზე გასამარჯვებლად სჭირდება.

XS
SM
MD
LG